არასამთავრობო ორგანიზაციები ევროკავშირს ჰამარბერგის საქართველოში დატოვებისკენ მოუწოდებენ
საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების დიდმა ჯგუფმა მოუწოდა ევროკავშირს, რომ სამართლებრივ რეფორმებსა და ადამიანის უფლებებში თავის სპეციალურ მრჩეველს საქართველოში თომას ჰამარბერგს მისია გაუგრძელოს.
ევროკომისიამ ჰამარბერგი, რომელიც ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი იყო 2006–2012 წლებში, ევროკავშირის სპეციალურ მრჩევლად საქართველოში სამართლებრივი და საკონსტიტუციო რეფორმის და ადამიანის უფლებათა საკითხებში 2013 წლის თებერვალში დანიშნა.
გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისრის, შტეფან ფულეს სახელზე 13 ივნისს გამოქვეყნებულ ღია წერილში, აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმის 66 წევრი მიესალმა ჰამარბერგს, როგორც „ფხიზელ დამკვირვებელს“, რომლის „რეაქცია ყოველთვის იყო დროული და ოპერატიული ნებისმიერ მწვავე პრობლემაზე ადამიანის უფლებების სფეროში. მან დიდი ძალისხმევა გასწია, რათა საქართველოს ახალი ხელისუფლება დარჩენილიყო დემოკრატიული პრინციპებისა და კანონის უზენაესობის ერთგული“.
„[15 ივნისის] ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ, საქართველოში დაიწყება ახალი გარდამავალი ეტაპი. წინა წლებში მიღწეული პროგრესი მრავალპარტიული დემოკრატიის განვითარების კუთხით კონსოლიდირებული უნდა იქნეს, თუ ჩვენს ქვეყანას სურს, გახდეს ევროპული თანამეგობრობის წევრი“, – ნათქვამია ღია წერილში.
„ამ პროცესში, საქართველოს კვლავ მრავალ პრობლემასთან მოუწევს გამკლავება და ძალისხმევის გაწევა კანონის უზენაესობის განმტკიცების და ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფის მიმართულებით. საქართველოს მთავრობა კვლავაც გამოწვევების წინაშე დგას საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელების, სასჯელაღსრულების ორგანოების საქმიანობის, სასამართლო სისტემის რეფორმირების სფეროში. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს უმცირესობების უფლებების დაცვას“, – ნათქვამია ღია წერილში.
„არსებულ ვითარებაში, მიგვაჩნია, რომ როგორც საქართველოსთვის, ისე ევროკავშირისთვის ძალზე ხელსაყრელი იქნება, რომ ბატონმა თომას ჰამერბერგმა გააგრძელოს საქართველოს სპეციალური მრჩევლის მოვალეობის შესრულება სამართლებრივ, კონსტიტუციურ და ადამიანის უფლებების საკითხებში, რადგან აღნიშნულ სფეროებში ექსპერტული რეკომენდაციები კვლავაც აქტუალური და საჭიროა. ამავდროულად, ეს აუცილებელია, რათა ევროკავშირის შესაბამისმა უწყებებმა დროულად მიიღონ ინფორმაცია საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების შესახებ და შეფასდეს ჩვენი ქვეყნის პროგრესი დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბების პროცესში“, – ნათქვამია არასამთავრობოების ღია წერილში.