ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წინასაარჩევნო შეფასებები
წინასაარჩევნო პროცესების მონიტორინგმა აჩვენა, რომ 15 ივნისის ადგილობრივი არჩევნების წინ არსებული გარემო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით უკეთესი, 2103 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით კი გაცილებით უფრო პრობლემური იყო, განაცხადა არჩევნებამდე ერთი დღით ადრე სამმა ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ.
„2014 წლის წინასაარჩევნო პერიოდში ნაკლები იყო საარჩევნო კანონმდებლობის სხვადასხვა ტიპის დარღვევები, მათ შორის ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენების შემთხვევები, ამომრჩევლის მოსყიდვის, პოლიტიკური აქტივისტების დაშინებისა და დაკავების ფაქტები“, – ნათქვამია სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ერთობლივ შეფასებებში.
უმთავრეს პრობლემებს შორის, რაც წინასაარჩევნო პერიოდში გამოიკვეთა, ადგილობრივი დამკვირვებლები, სავარაუდო ზეწოლის შედეგად კანდიდატურების მოხსნის 50-მდე ფაქტს ასახელებენ, რაზეც სახელმწიფო ორგანოების რეაგირება „არასაკმარისი და არაეფექტური იყო“. დამკვირვებლებმა სამართალდამცავებს, რომელთა მიერ შესწავლილი 80 ფაქტიდან 76 შემთხვევაში ზეწოლა ვერ დადასტურდა, ხოლო სავარაუდო ზეწოლის 4 საქმეზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ამ ფაქტების უფრო „დეტალურად შესწავლისკენ“ მოუწოდეს.
ერთობლივ ანგარიშში, ასევე აღინიშნა პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ანგარიშსწორების ოთხი შემთხვევა; აგიტაციაში ხელის შეშლის 15-მდე ფაქტი, რომლის დროსაც უმთავრესად, „კოალიცია ქართული ოცნების წევრები და აქტივისტები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს შესაძლებლობას არ აძლევდნენ ჩაეტარებინათ დაგეგმილი შეხვედრები. ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებასაც“; და სააგიტაციო მასალის დაზიანების არაერთი შემთხვევა, რაც არასამთავრობოთა განცხადებით, ადასტურებს იმას, რომ „პრობლემად რჩება პოლიტიკური კულტურის ძალადობრივი ხასიათი“.
ამასთან, სადამკვირვებლო ორგანიზაციები მიესალმებიან მთავრობის მიერ გამოცხადებულ მორატორიუმს, რომლის ფარგლებშიც არჩევნებში ჩართული პირების მიმართ კამპანიის პერიოდში სისხლის სამართლებრივი დევნა შეჩერდა.
მართალია სადამკვირვებლო ორგანიზაციები დადებითად აფასებენ მერებისა და გამგებლების არჩევისთვის 50%-იანი ბარიერის შემოღებას, თუმცა ნაკლოვანებად განიხილავენ იმ ფაქტებს, რომ ხელისუფლების მხრიდან ფუნდამენტური საკანონმდებლო ცვლილებების მოლოდინის მიუხედავად, საარჩევნო სისტემა არ შეცვლილა, ხოლო საარჩევნო სია „ვერ უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის სანდოობას და არ ასახავს ამომრჩევლის რეალურ სურათს“.
ერთობლივი ანგარიში პოზიტიურად აფასებს წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობას, თუმცა აღნიშნავს ცესკოს იმ „არათანამდევრულ მიდგომას“, რომელიც მან კანდიდატების რეგისტაციის საკითხების გადაწყვეტისას გამოავლინა.
სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ასევე დადებითად შეაფასეს პარტიების ფინანსების მაკონტროლებელი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობა, რომელშიც „არ შეიმჩნეოდა განსხვავებული მიდგომა სხვადასხვა პარტიების მიმართ“.
ანგარიში ასევე მიესალმება მედიასაშუალებების მიერ წინასაარჩევნო პროცესების „საკმაოდ დაბალანსებულ“ გაშუქებას.
„ვფიქრობ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილი დარღვევები არჩევნების საერთო შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს, თუმცა ბევრი რამ ასევე დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სამართლიანად და ექსცესების გარეშე ჩაივლის კენჭისყრის დღე, განსაკუთრებით იმ ოლქებში, სადაც კანდიდატებზე სავარაუდო ზეწოლის ყველაზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა“, – განაცხადა საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა 14 ივნისს.