პრეზიდენტი: არჩევნების დღე უნდა იყოს ‘დემოკრატიის არჩევანი’
თბილისის საარჩევნო უბანზე ადგილობრივ არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ამომრჩეველებს მაღალი აქტივობისკენ და სიმშვიდისკენ მოუწოდა.
„იმისთვის, რომ პოლიტიკოსები გემსახურონ, თქვენ ისინი უნდა აირჩიოთ. აქედან გამომდინარე, მოგიწოდებთ აქტივობისკენ და ამავე დროს, მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას, რომ დღევანდელი დღე იყოს დემოკრატიის არჩევანი და დემოკრატიის გამარჯვება, პირველ რიგში და შემდეგ, მათი გამარჯვება“, – განუცხადა მარველაშვილმა ჟურნალისტებს საარჩევნო უბანთან.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ კენჭისყრაში მონაწილეობის შემდეგ განაცხადა, რომ მან „მშვიდობას და სიხარულს და საქართველოს მთლიანობას“ მისცა ხმა.
„ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად იქნება“, – განაცხადა ილია მეორემ.
იმავდროულად შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გამოძიება დაიწყო მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დოშაყეში მომხდარ ინციდენტზე, სადაც ნიღბიანმა შეიარაღებულმა პირებმა მე-16 უბნიდან ბიულეტენები გაიტაცეს; კენჭისყრა ამ უბანზე, სადაც 380 მომრჩველია რეგისტრირებული, არ დაწყებულა. შსს-ის პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა, რომ ბიულეტენები საარჩევნო უბნიდან დაახლოებით 200 მეტრში იქნა ნაპოვნი.
მან ასევე განაცხადა, რომ პოლიცია იძიებს 14 ივნისს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელთა ჯგუფზე მომხდარ თავდასხმას. ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ მის ოთხ აქტივისტს ფონიჭალაში თავს დაესხნენ და სცემეს პირებმა, რომლებსაც ტანთ ქართული ოცნების ლოგოიანი მაისურები ეცვათ.