ნაციონალური მოძრაობა უკრაინას თვითმფრინავის ჩამოგდების გამო უსამძიმრებს

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ უკრაინის მთავრობასა და ხალხს პრო–რუსი სეპარატისტების მიერ ლუგანსკის აეროპორტის მახლობლად უკრაინული სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად 49 სამხედრო მოსამსახურის ტრაგიკული დაღუპვის გამო სამძიმარი გამოუცხადა.

„ჩვენ გამოვხატავთ სოლიდარობას უკრაინელი ხალხის თავისუფლებისა და ქვეყნის ერთიანობისათვის ბრძოლაში“, – ნათქვამია ნაციონალური მოძრაობის მიერ 14 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში, „ეჭვგარეშეა რომ სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოგდება განხორცილდა რუსეთიდან შემოჭრილი ინტერვენტების მიერ შემოტანილი ჰაერსაწინააღმდეგო იარაღის გამოყენებით“.

განცხადების თანახმად, „ანალოგიურად, რუსეთის მიერ 1993 წელს საქართველოში [აფხაზეთში] განხორციელებული დე ფაქტო ინტერვენციის დროს ჩამოგდებულ იქნა ერთი სამხედრო და ერთი სამოქალაქო რეისი, რის შედეგადაც დაიღუპა ასობით ადამიანი“.

„მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას უკრაინელი ხალხისათვის ამ გადამწყვეტ მომენტში იმოქმედოს ადექვატურად და შესაბამისი მატერიალური, დიპლომატიური და სხვა საჭირო დახმარება აღმოუჩნონ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს“, – განაცხადა ნაციონალურმა მოძრაობამ.