საქართველოს ხელმძღვანელობა უკრაინას თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებით უსამძიმრებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ „ღრმა მწუხარება“ გამოთქვა ლუგანსკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, სადაც უკრაინის სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად 49 სამხედო მოსამსახურე დაიღუპა.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ტერორიზმის, ექსტრემიზმის, სეპარატიზმის ნებისმიერ გამოვლინებას“, – ნათქვამია საგარეო უწყების მიერ 15 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უკრაინაში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ „ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვგმობთ ძალადობას და ექსტრემიზმის ნებისმიერ გამოვლინებას“ და „თანადგომას ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს, უკრაინის ხელისუფლებასა და უკრაინელ ხალხს“.
ამასთანავე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოსა და უკრაინის პრემიერ-მინისტრს არსენი იაცენიუკს სამძიმრის წერილები გაუგზავნა.
"მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, გიცხადებთ გულწრფელ სამძიმარს და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ სოლიდარობას უკრაინელი ხალხის მიმართ. ამ ღრმა მწუხარების ჟამს, გისურვებთ გამძლეობას,"-ნათქვამია ღარიბაშვილის წერილში.