ცესკოს თავმჯდომარე პოლიტიკურ ძალებს მოუწოდებს არ შექმნან შეფერხებები ხმების დათვლის პროცესში

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ მოუწოდა პოლიტიკურ ძალებს არ შექმნან შეფერხებები ხმების დათვლის მიმდინარე პროცესში და აღნიშნა, რომ წინასწარი შედეგების გამოქვეყნებას ცესკო შუაღამის შემდეგ დაიწყებს.

„საარჩევნო ადმინისტრაცია აუცილებლად ზედმიწევნით ზუსტად და აკურატულად დაითვლის ამომრჩევლების ნებას და შესაბამისად ასახავს ოქმებში“, – განუცხადა მან ტელეკომპანია „მაესტროს“.

„ალბათ დღეს შუაღამიდან შევძლებთ წინასწარი მონაცემებზე მუშაობას და პერიოდულად ამ წინასწარი შედეგების გამოქვეყნებას… და ჩვენ უკვე გვეცოდინება სად იქნება მოსალოდნელი მეორე ტური და სად არ იქნება“, – აღნიშნა მან.

ჟვანიას განცხადებით, პარტიებს ეგზით პოლების შედეგებზე დაყრდნობით, რა თქმა უნდა, „შეუძლიათ ჰქონდეთ გამარჯვების განცდა“, მაგრამ დასძინა, რომ  „ეგზით პოლები ტრადიციულად ერთი ერთში არასდროს ემთხვეოდა არჩევნების ოფიციალურ შედეგებს“.

ეგზით პოლების შედეგების მიხედვით, თბილისის მერის არჩევნებში, ისევე როგორც სულ ცოტა ოთხ თვითმმართველ ქალაქში, შესაძლოა მეორე ტურის ალბათობა იყოს.