პრემიერ-მინისტრი ადგილობრივი არჩევნების შესახებ

15 ივნისს ჩატარებული არჩევნებით საქართველომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ევროპისკენ და აჩვენა, რომ მზადაა ცივილიზებული მსოფლიოს სრულუფლებიან წევრად იქცეს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კენჭისყრის დასრულებიდან ცოტა ხანში.

მისი თქმით, 8 საათის მონაცემებით, თბილისში პირველ ტურში გამარჯვება მოიპოვა ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ, თუმცა „ახლა საჭიროა, რომ ჩვენ დაველოდოთ საბოლოო შედეგებს“.

ეგზით პოლების შედეგების თანახმად, დავით ნარმანია თბილისის მერის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა შესაძლოა მეორე ტურის გამართვა გახდეს საჭირო ნაციონალური მოძრაობის კანდიდატთან ნიკა მელიასთან. 
 
დავით ნარმანიამ, როდესაც მას ჰკითხეს მიიჩნევს თუ არა ის თბილისის მერად თავს ეგზით პოლის შედეგებზე დაყრდნობით, ტელეკომპანია „მაესტროს“ უპასუხა:  "არჩევნები დასრულდა თუმცა ხმის დათვლის პროცესი წინ არის და საბოლოო გადაწყვეტილებას ცენტრალური საარჩევნო კომისიია იღებს. თუმცა როგორც ეგზით პოლის სანდო მონაცემების მიხედვით, ასევე ჩვენი კვლევების მიხედვით, რომლებიც ტარდებოდა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვნახეთ ის შედეგეგი რაც გვაქვს, ანუ საარჩევნო ბარიერი დაძლეულია“.

„დღევანდელი გამარჯვებით ჩვენმა კოალიციამ დაადასტურა, რომ ჩვენ ვართ მართლაც უალტერნატივო ძალა“, – განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა, „მიუხედევად მაღალი საარჩევნო ბარიერისა და სამართლიანი კონკურენციისა, ჩვენ სამართლიანად და დამაჯერებლად გავიმარჯვეთ – ეს ნიშნავს, რომ 2012 წელს ჩვენ მიერ დაწყებული დემოკრატიული ცვლილებები განვითარების ერთადერთი სწორი გზაა“.

„ჩვენთვის, როგორც მმართველი კოალიციისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებმა ჩაიარა სერიოზული დარღვევების გარეშე, დაფიქსირებულ მცირე დარღვევებსა და მომხდარ ინციდენტებზე, რა თქმა უნდა, საარჩევნო ადმინისტრაციამ და  ასევე პოლიციამ მყისიერი რეაგირება მოახდინეს უკვე. მე დარწმუნებული ვარ ისინი ამ გამოძიებას ბოლომდე მიიყვანენ“, – განაცხადა მან ქართული ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

მან მადლობა გადაუხადა „ხალხს გამოჩენილი ნდობისთვის“; ცესკოს საარჩევნო პროცესის კარგი ორგანიზებისთვის, რამაც „უზრუნველყო რეალურად მოსახლეობისთვის საკუთარი არჩევანის თავისუფლად გაკეთების საშუალება“; ხოლო  საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს „საარჩევნო პროცესში გამოჩენილი აქტიურობისა და ობიექტურობისთვის“.

„დღევანდელი არჩევნებით ჩვენმა ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოში დემოკრატიული არჩევნების შეუქცევადობა. კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით ჩვენ ევროპისკენ და ვაჩვენეთ მსოფლიოს, რომ ჩვენი ქვეყანა მზად არის ცივილიზებული მსოფლიოს სრულუფლებიან წევრად იქცეს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც ბრიფინგზე, ისე მოგვიანებით კოალიციის ოფისის წინ შეკრებილი მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრმა ხაზი გასუვა, რომ ეს არჩვენები არის არა მხოლოდ ქართული ოცნების, არამედ საქართველოს მთელი მოსახლეობის გამარჯვება.

„ამიტომ ეს არის ის დღე, როცა მთელი ქვეყნის მოსახლეობა უნდა გავერთიანდეთ და ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალზე“, – განაცხადა მან.

„დღევანდელი არჩევნების შედეგად პირველად საქართველოს ისტორიაში 12 ქალაქში და 59 რაიონში ჩვენ ავირჩიეთ 12 მერი და 59 გამგებელი. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. და პირველად საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ჩვენ მივიღეთ მრავალპარტიული საკრებულოები თითოეულ რაიონში. ეს არის ჩვენი დემოკრატიის გამარჯვება“, – მიმართა მან მხარდამჭერებს.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საჭიროა დაველოდოთ საბოლოო შედეგებს მიუხედევად იმისა, რომ  „ეგზით პოლის პირველადი მონაცემებით ამ მომენტისთვის კოალიცია ქართული ოცნება ლიდერობს ყველგან მთელ საქართველოში“.