წინასწარი მონაცემებით, თბილისის მერის ასარჩევად მეორე ტური გახდება საჭირო
წინასწარი ოფიციალური შედეგების თანახმად, ქართული ოცნების კანდიდატს დავით ნარმანიას მეორე ტურში მოუწევს ბრძოლა მერის თანამდებობის დასაკავებლად მას შემდეგ, რაც მან 15 ივნისის ადგილობრივ არჩევნებზე ბარიერის გადალახვა ვერ მოახერხა.
წინასწარი შედეგებით, რომელიც დედაქალაქის უბნების 86.83%–ზე მეტს მოიცავს, ნარმანია ლიდერობს ხმების 46.35%–ით; შემდეგ მოდის ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ნიკა მელია ხმების 27.58%–ით.
ნინო ბურჯანაძის კოალიციის კანდიდატს დიმიტრი ლორთქიფანიძეს ხმების 12.85% აქვს. მას მოყვება საქართველოს პატრიორთა ალიანსის მიერ წარდგენილი ირმა ინაშვილი ხმების 5.38%. ლეიბორისტული პარტიის კანდიდატს ასმათ ტყაბლაძეს 2.48% აქვს; ახალი მემარჯვენეების და თავისუფალი საქართველოს საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ კახა კუკავას 2.36%, ხოლო საქართველოს მწვანეთა პარტიის ლიდერს, დეპუტატ გიორგი გაჩეჩილაძეს 1.16% აქვს.
წინასწარი მონაცემებით, დანარჩენ შვიდ კანდიდატს 1%–ზე ნაკლები აქვს თითოეულს.
თბილისის საკრებულოს არჩევნების წინასწარი შედეგებით, პროპორციული სისტემით ქართული ოცნება ლიდერობს 46.07%–ით; შემდეგ მოდის ნაციონალური მოძრაობა – 26.24%–ით.
კიდევ ორი პარტია, რომელთაც 4%–იანი ბარიერი გადალახეს თბილისის საკრებულოში პარტიული სისტემით ადგილების მოსაპოვებლად, არიან: ნინო ბურჯანაძის გაერთიანებული ოპოზიცია 10.34%–ით და საქართველოს პატრიოტთა ალიანსი 6.14%–ზე ოდნავ მეტით.
პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების წინასწარი შედეგები ეფუძნება თბილისის 729 უბნიდან 532 უბანში დათვლილ ხმებს.
თბილისის 50–წევრიანი საკრებულოს ადგილების ნახევარი პროპორციული სიით გასულ წევრებს, მეორე ნახევარი კი 25 ერთმანდატიან ოლქში არჩეულ მაჟორიტარებს შორის ნაწილდება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)