გამგებლების არჩევნების წინასწარი შედეგები ოლქების უმეტესობაში
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამგებლების არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა 59 ოლქიდან 50–ში; დანარჩენი 9 ოლქის შედეგები ჯერ გამოსაქვეყნებელია.
50 ოლქის წინასწარი შედეგების თანახმად, უმეტეს მათგანში ქართული ოცნების გამგებლობის კანდიდატებს ხმების 50%–ზე მეტი აქვთ და სავარაუდოდ, ისინი მეორე ტურის გარეშეც მოიგებენ არჩევნებს.
სულ ცოტა 8 ოლქია, სადაც ქართული ოცნების კანდიდატები ლიდერობენ, მაგრამ იმის გამო, რომ ისინი 50%–იან ბარიერს ვერ ლახავენ, მათ მეორე ტურში მოუწევთ ბრძოლა. ეს ოლქებია: ყვარელი (ქართული ოცნება – 44.45%; ნაციონალური მოძრაობა – 26%); ახმეტა (ქართული ოცნება – 37%; ბურჯანაძის კოალიციის კანდიდატი – 32.21%); თერჯოლა (ქართული ოცნება – 46.18%; ნაციონალური მოძრაობა – 36.86%); ხონი (ქართული ოცნება – 47%; ნაციონალური მოძრაობა – 42.7%); ტყიბული (ქართული ოცნება – 44.38%; ბურჯანაძის კოალიცია – 33.98%); მარტვილი (ქართული ოცნება – 42.63%; ბურჯანაძის კოალიცია – 32.36%); ქობულეთი (ქართული ოცნება – 45.85%; ნაციონალური მოძრაობა – 22.8%) და ბაღდათი (ქართული ოცნება – 42.1%; ქართული გზის კანდიდატი – 39.75%).
მართალია ყაზბეგში, მცხეთაში, დუშეთში, ჭიათურაში, ჩოხატაურში და თელავში ქართული ოცნების გამგებლობის კანდიდატები ლიდერობენ, მაგრამ მათ 50%–ზე ოდნავ მეტი ხმები აქვთ და იქ ჯერ კიდევ დასათვლელია თითქმის ხმების ნახევარი (ზოგან ნაკლები).
იმ 50 ოლქიდან, სადაც წინასწარი მონაცემები უკვე ხელმისაწვდომია, 38–ში ქართული ოცნების გამგებლობის კანდიდატები დამაჯერებლად ლიდერობენ.
მათ შორისაა მარნეულის მუნიციპალიტეტი, რომელიც 15 ივნისის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ყურადღების ცენტრში მოექცა მას შემდეგ, რაც ნაციონალური მოძრაობის გამგებლობის კანდიდატს აკმამედ იმამკულიევს საარჩევნო ადმინისტრაციამ საცხოვრებელი ცენზის მოთხოვნის საფუძველზე საარჩევნო რეგისტრაცია მოუხსნა; ნაციონალურმა მოძრაობამ, რომელმაც დაგმო ეს გადაწყვეტილება და ხელისუფლების მიერ „ლიდერი“ კანდიდატის ჩამოშორების მცდელობად შეაფასა, საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა და ამ უკანასკნელმა იმამკულიევს რეგისტრაცია აღუდგინა. არჩევნებამდე სამი დღით ადრე ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ ის თავის მარნეულის გამგებლობის კანდიდატს მარათონიდან ხსნიდა იმ მოტივით, რომ ოპონენტები ცდილობდნენ ეთნიკური საკითხების გამოყენებას კამპანიის დროს. თუმცა, ქართული ოცნების კანდიდატმა კამპანია განაგრძო და იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის მარათონს გამოეთიშებოდა, მისი სახელი მაინც დარჩებოდა ბიულეტენებში, რადგანაც იმ დროს, როდესაც ქართულმა ოცნებამ ეს განცხადება გააკეთა, რეგისტრაციიდან მოხსნის ვადა უკვე ამოწურული იყო. წინასწარი შედეგებით, მარნეულში ქართული ოცნების კანდიდატი მერაბ თოფჩიშვილი ლიდერობს ხმების 54.75%–ით; შემდეგ მოდის ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი იმამკულიევი 29%–ით.
ოლქები, სადაც ქართული ოცნების გამგებლობის კანდიდატები ლიდერობენ, არის: საგარეჯო, გურჯაანი, სიღნაღი, დედოფლისწყარო, გარდაბანი, ბოლნისი, დმანისი, თეთრიწყარო, კასპი, ქარელი, ასპინძა, ბორჯომი, ახალციხე, ადიგენი, ახალქალაქი, ნინოწმინდა, ამბროლაური, ცაგერი, ლენტეხი, მესტია, ხარაგაული, საჩხერე, სამტრედია, ოზურგეთი, აბაშა, ჩხოროწყუ, შუახევი, ხობი, ხელვაჩაური, წალენჯიხა, წალკა, ქედა, ვანი, ზესტაფონი, მარნეული, ხულო.
ცხრა ოლქიდან, მათ შორის ზუგდიდიდან წინასწარი შედეგები ჯერ არ გამოქვეყნებულა.