აშშ–ის, გაერთიანებული სამეფოს, ჰოლანდიის საელჩოების განცხადება ადგილობრივ არჩევნებზე

„წარმატებულ და კარგად ჩატარებულ საარჩევნო დღეს“ ოპოზიციური პარტიების ძლიერად წარმოჩენა და რამდენიმე ქალაქსა და მუნიციპალიტეტში მოსალოდნელი მეორე ტური „ქართულ დემოკრატიაში მზარდ პლურალიზმზე მიუთითებს“, ნათქვამია აშშ–ის, გაერთიანებული სამეფოს და ჰოლანდიის საელჩოების მიერ ორშაბათს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

სამმა საელჩომ 15 ივნისის ადგილობრივ არჩევნებზე ერთობლივი სადამკვირვებლო მისია განახორციელა, რომლის ფარგლებშიც 95-მა დამკვირვებელმა 23 საარჩევნო ოლქში 600-ზე მეტი საარჩევნო უბანი მოინახულა.

ერთობლივ განცხადებაში საელჩოებმა განაცხადეს, რომ პირველად 11 ქალაქის მერის და 59 მუნიციპალიტეტის გამგებლების პირდაპირი წესით არჩევა „27 ივნისს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის წინ თვითმმართველობების გაძლიერებისაკენ გადადგმული ისტორიული ნაბიჯია და მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს“. 

„დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ საერთო ჯამში, საარჩევნო გარემო იყო მშვიდი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 3 600-ზე მეტ საარჩევნო უბანზე შედარებით მცირე რაოდენობის დარღვევები დაფიქსირდა“, – ნათქვამია განცხადებაში. 

“აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ოლქების უმეტეს ნაწილში წინასაარჩევნო გარემო იყო მშვიდი და მხოლოდ მცირე დარღვევები დარეგისტრირდა. ამავე დროს, შეშფოთებით შევნიშნავთ, რომ ვრცელდებოდა ცნობები კონკრეტულ ქალაქებში წინასაარჩევნო ინციდენტების, არჩევნებიდან ჩამოშორების მიზნით კანდიდატებზე განხორციელებული სავარაუდო ზეწოლისა და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიმართ გამოჩენილი აგრესიის შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.

„მოვუწოდებთ მთავრობას, ობიექტურად გამოიძიოს აღნიშნული ბრალდებები არჩევნების მეორე ტურამდე  და მიიღოს საჭირო ზომები, რათა არჩევნები საქართველოში უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იყოს“, – ნათქვამია განცხადებაში. 

„კვლავ გულდასმით დავაკვირდებით პროცესებს, მათ შორის მომავალ წინასაარჩევნო კამპანიასა და არჩევნების მეორე ტურს. ამავდროულად, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, იმუშაონ ერთად საქართველოს ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების წინსვლის მიზნით“, – ნათქვამია განცხადებაში.