შსს მარნეულში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტს იძიებს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მარნეულის ორ საარჩევნო უბანზე საარჩევნო ყუთებში ბიულეტენების სავარაუდო ჩაყრის ფაქტზე გამოძიება მიმდინარებს.
ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებულ ვიდეო კადრებში ჩანს მამაკაცი, რომელიც მარნეულის 57–ე უბანზე ამავე კომისიის წარმომადგენლის დახმარებით საარჩევნო ყუთში ბიულეტენებს ყრის ცხრაწუთიანი ვიდეოს მანძილზე სულ ცოტა 17–ჯერ.
ამ უბნიდან გამგებლის არჩევნების შემაჯამებელ ოქმში, რომლის მიხედვითაც ხმების უმეტესობა ქართული ოცნების კანდიდატს აქვს მიღებული, შეუსაბამობაა, რადგანაც მიცემული ხმების რაოდენობა 84–ით აღემატება იმ ამომრჩევლების რაოდენობას, რომლებიც საარჩევნო უბანზე მივიდნენ. ანალოგიური შეუსაბამობაა ამავე უბნის პარტიული სიების შემაჯამებელ ოქმში, სადაც მიცემული ხმების რაოდენობა 83–ით აღემატება მისულ ამომრჩეველთა რაოდენობას. არჩევნების დღეს ამ საარჩევნო უბანზე 919 დარეგისტრირებული ამომრჩევლიდან 558 გამოცხადდა.
ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ მამაკაცი, რომელიც ვიდეო ჩანს, ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული პირია; მმართველმა კოალიციამ ანალოგიური ბრალდებით უპასუხა და განაცხადა, რომ ეს მამაკაცი ნაციონალურ მოძრაობასთან ასოცირდება. ქართულმა ოცნებამ ნაციონალური მოძრაობა „პროვოკაციის დაგეგმვაში“ დაადანაშაულა.
ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განუცხადა ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ს, რომ შსს–ს განცხადება საქმის გამოძიების შესახებ „ფარსია“, რადგანაც ქართული ოცნების მცდელობა, რომ ბრალი ნაციონალურ მოძრაობას დასდოს, ფაქტიურად მითითება იყო სამართალდამცველებისთვის, რომ მათ ეს საქმე სათანადოდ არ გამოიძიონ.
ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ ანალოგიურ შემთხვევას ჰქონდა ადგილი მარნეულის 25–ე უბანზე. გამგებლის არჩევნების შემაჯამებელი ოქმი ამ უბნიდან არ შეიცავს შეუსაბამობას, როგორც ეს 57–ე უბანზე იყო; ხოლო პარტიული სისტემით არჩევნების შემაჯამებელი ოქმი 25–ე უბნიდან ჯერ არ გამოქვეყნებულა ცესკოს ვებ-გვერდზე.
შსს–მ განაცხადა, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე მესამე პრიმა მუხლით არის დაწყებული, რაც არჩევნების შედეგების გაყალბებას გულისხმობს.
სამინისტრომ ასევე განაცხადა 16 ივნისს, რომ პოლიციამ სოფელ დოშაყეში, მარტვილის მე-16 საარჩევნო უბანზე მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებული ორი პირი დააკავა. მისივე თქმით, ასევე დაკავებული არიან ხონის რაიონის სოფელ ძეძილეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებული პირები, რომლის დროსაც 22-ე საარჩევნო უბანში შეჭრას, საარჩევნო ყუთის დაზიანებას და ბიულეტენების დახევას ჰქონდა ადგილი.