ღარიბაშვილი: არჩევნების ‘შედეგები ჩვენთვის არის კარგი მაგალითი’
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ 15 ივნისის ადგილობრივი არჩევნების შედეგები „კარგი მაგალითია“, რომელმაც ხელისუფლებას დაანახა სამომავლოდ გამოსასწორებელი „ხარვეზები“.
„ეს შედეგები ჩვენთვის არის კარგი მაგალითი და ასევე კარგი მოსამზადებელი შემდგომი არჩევნებისთვის“, – განაცხადა მან 17 ივნისს მთავრობის სხდომაზე საუბრისას.
„რა თქმა უნდა, ჩვენ დავინახეთ ის ხარვეზები, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ მომავალში“, – აღნიშნა მან დაკონკრეტების გარეშე, „ეს არის კარგი საჩვენებელი ჩვენთვის, მაგრამ მთლიანობაში არჩევნები ჩატარდა ძალიან კარგად და დემოკრატიულად“.
პრემიერ-მინისტრმა ასევე დიდი მადლობა გადაუხადა "უცხოელ პარტნიორებს ობიექტური და ღირსეული“ შეფასებისთვის. „ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ და ჩვენ ყოველთვის ვგრძნობთ მათ მხარდაჭერას“, – დასძინა მან მხედველობაში ჰქონდა რა აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, ჰოლანდიის საელჩოების ერთობლივი განცხადება არჩევნებთან დაკავშირებით.
პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ მმართველმა კოალიციამ „გაიმარჯვა პრაქტიკულად ყველგან“ და ყველა საკრებულოში მოიპოვა „აბსოლუტური უმრავლესობა“.
„საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატებიდან, რომელთა საერთო რაოდენობა არის 1 049 დეპუტატი, 881 მაჟორიტარი არის კოალიცია ქართული ოცნების – ეს არის, დაახლოებით, 77.4%. დანარჩენი არის სხვა ოპოზიციის და საინიციატივო ჯგუფების მიერ წარმოდგენილი კანდიდატები“, – განაცხადა მან და ცალკე აღნიშნა, რომ "მეორე ადგილზე პრეტენზიის" მქონე ნაციონალურმა მოძრაობამ ქვეყნის მასშტაბით საკრებულოებში მაჟორიტარებიდან „მხოლოდ 6.1%-ის გაყვანა შეძლეს“.
წინასწარი ოფიციალურ იმონაცემებით, 50 ოლქში ქართული ოცნების კანდიდატები იმარჯვებენ მერებისა და გამგებლების არჩევნებში. თუმცა სულ ცოტა 21 ოლქში მოსალოდნელია რვა ქალაქის მერისა და ცამეტი გამგებლის გამოსავლენად მეორე ტურის დანიშვნა ქართული ოცნების კანდიდატებსა და სხვა ოპოზიციური პარტიების კანდიდატებს შორის.
ორშაბათს პრესკონფერენციაზე საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ არავითარი „ტრაგედია“ არ არის იმაში, თუ რამდენიმე ქალაქსა და მუნიციპალიტეტში, სადაც ქართული ოცნების კანდიდატებმა ბარიერი ვერ გადალახეს, მეორე ტური იმართება.
„პირიქით, ეს არის ძალიან კარგი ჩვენი დემოკრატიისთვის, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხისთვის. ეს არის უნიკალური საშუალება, რომ განვამტკიცოთ ქართული დემოკრატია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა, რომელიც კოალიცია ქართული ოცნების ლიდერია.
მისი თქმით, მთავრობას „თავიდანვე გაცნობიერებული გვქონდა, რომ უპრეცედენტოდ მაღალი ბარიერის [50%] შემოღებით იქნებოდა ალბათობა იმისა, რომ რამდენიმე ოლქში გამართულიყო მეორე ტური, მაგრამ ჩვენ შეგნებულად წავედით ამ ექსპერიმენტზე, ვინაიდან ჩვენი მთავარი ამოცანა იყო ის, რომ ხალხი შევაჩვიოთ დემოკრატიულ არჩევნებს და ხალხს მივცეთ საშუალება, რომ მათ აირჩიონ რეალურად მათთვის სასურველი კანდიდატები“.
მან ასევე განაცხადა, რომ მართალია მეორე ტური დამატებით ხარჯებს მოითხოვს, მაგრამ „ჩვენ გაცილებით მეტი სარგებლის და სიკეთის მიღება შეგვიძლია ამ პრეცედენტის დაშვებით“, რომელიც იქნება „დიდი სიკეთის მომტანი ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისთვის და დემოკრატიის განმტკიცებისთვის“.
მხედველობაში ჰქონდა რა სავარაუდოდ ამომრჩეველთა დაბალი აქტივობა, ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ „მეორე ტურში ამომრჩეველს გაეზრდება მოტივაცია“.
მან განაცხადა, რომ იგი დარწმუნებულია, რომ ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია მოუგებს ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს ნიკა მელიას მეორე ტურს. „უბრალოდ როდის გაფორმდება მისი მერად არჩევა, ეს მხოლოდ დროის ამბავია“, – განაცხადა მან.
პრემიერ-მინისტრმა 15 ივნისის ადგილობრივ არჩევნებს „რევოლუციური“ უწოდა.
„მე მინდა სიამაყით განვაცხადო, რომ პირველად ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში, ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ მართლაც თავისუფალი, დემოკრატიული და სამართლიანი თვითმმართველობის არჩევნები. ყველა ამომრჩევლის ხმა იყო დაცული, საარჩევნო ადმინისტრაციები მუშაობდნენ დამოუკიდებლად, გამართულად და ხელისუფლება არ ჩარეულა მათ საქმიანობაში“, – განაცხადა მან 16 ივნისს პრესკონფერენციაზე.