წინასწარი შედეგები: ქართული ოცნება თბილისის საკრებულოს მანდატების ორ–მესამედზე მეტს იგებს
15 ივნისის ადგილობრივი არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგების თანახმად, კოალიცია ქართული ოცნება, სავარაუდოდ, მანდატების ორ–მესამედზე მეტს აიღებს თბილისის 50–წევრიან საკრებულოში.
თუ ეს წინასწარი შედეგები საბოლოო შემაჯამებელი ოქმით დადასტურდება, ქართულ ოცნებას თბილისის საკრებულოში 37 ადგილი ექნება.
საკრებულოები ქვეყნის მასშტაბით, თბილისის ჩათვლით, შერეული სისტემით – პროპორციული და მაჟორიტარული წესით ირჩევა.
თბილისის 50–წევრიან საკრებულოში, ადგილების ნახევარი პარტიული სიით ნაწილდება, ხოლო მეორე ნახევარს დედაქალაქის 25 ერთმანდატიან ოლქში გამარჯვებული მაჟორიტარები იკავებენ.
დედაქალაქის 717-ვე უბნის წინასწარი შედეგების თანახმად, საკრებულოში შესასვლელად საჭირო 4%–იან ბარიერს ოთხი პარტია ლახავს.
ამ შედეგების თანახმად, ქართულ ოცნებას დედაქალაქში ხმების 45.96% აქვს, რაც საკრებულოში პროპორციული წესით მისაღებ 13 ადგილს ნიშნავს.
ნაციონალური მოძრაობა, რომელსაც ხმების 26.13% აქვს, სავარაუდოდ პარტიული სიით 7 მანდატს მოიპოვებს; შემდეგ მოდის ნინო ბურჯანაძის კოალიცია – 3 ადგილით და საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – 2 ადგილით.
ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატები დედაქალაქის 25 ერთმანდატიანი ოლქიდან 24–ში ლიდერობენ.
დამოუკიდებელი კანდიდატი, ჟურნალისტი ალექსანდრე ელისაშვილი ერთ მაჟორიტარულ მანდატს იგებს საბურთალოს რაიონის ერთ–ერთ ოლქში.
თბილისის საკრებულოში ფრაქციის შესაქმნელად სულ ცოტა სამი წევრის ერთობაა საჭირო.