ცესკოს ინფორმაციით, მარნეულის ორი სადავო უბნის შედეგები გაუქმდა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მარნეულის ოლქის ორი სადავო უბნის შედეგები ადგილობრივი საოლქო კომისიის გადაწყვეტილებით გაუქმდა.
ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ გააპროტესტა 57-ე და 25-ე უბნებზე ბიულეტენების ჩაყრის ფაქტები. ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებულ ვიდეო კადრებში ჩანს მამაკაცი, რომელიც მარნეულის 57–ე უბანზე ამავე კომისიის წარმომადგენლის დახმარებით საარჩევნო ყუთში ბიულეტენებს ყრის ცხრაწუთიანი ვიდეოს მანძილზე სულ ცოტა 17–ჯერ. ქართულმა ოცნებამ და ნაციონალურმა მოძრაობამ ამ მამაკაცთან კავშირში ერთმანეთი დაადანაშაულეს. შსს-მ განაცხადა, რომ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
ცესკოს ინფორმაციით, ორი უბნის შედეგების გაუქმება, სავარაუდოდ, ვერ მოახდენს გავლენას მარნეულში არჩევნების შედეგებზე. თუმცა თუ ეს ასე მოხდა, მაშინ შესაძლოა ამ ორ უბანზე ხელახალი კენჭისყრა დაინიშნოს.
წინასწარი შედეგების მიხედვით, რომელიც 86-ვე უბნის, მათ შორის ორ უბანზე გაუქმებულ შედეგებსაც ეყრდნობა, ქართული ოცნების კანდიდატი მერაბ თოფჩიშვილი ხმათა 51.81%-ით უგებს მეორე ადგილზე გასულ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს აკმამედ იმამკულიევს (31.74%) გამგებლის არჩევნებში.