ევროკავშირის განცხადება ადგილობრივ არჩევნებზე
ევროკავშირმა განაცხადა, რომ 15 ივნისის ადგილობრივი არჩევნები „საქართველოს შემდგომი დემოკრატიული განვითარებისკენ გადადგმული ნაბიჯია“, მაგრამ ასევე დასძინა, რომ შეშფოთების საგნად რჩება საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებულ "დაშინება და ძალადობა“.
„ვულოცავთ ამომრჩევლებს და კანდიდატებს 15 ივნისს საქართველოში ადგილობრივი არჩევნების პირველ ტურში მონაწილეობას“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ქეთრინ ეშტონის პრესსპიკერმა 17 ივნისს გაავრცელა, „ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ ადგილობრივი დამკვირვებლების დასკვნებს“.
„არჩევნებზე აღინიშნებოდა გაუმჯობესებები საარჩევნო პროცესში და ქალების გაზრდილი მონაწილეობა. ამავე დროს, შეშფოთების საგნად კვლავაც რჩება კამპანიასთან დაკავშირებული დაშინება და ძალადობა. ყოვლად მიუტევებელი უნდა იყოს ძალადობა ან დაშინება მეორე ტურამდე პერიოდში, რომელიც მთელ რიგ ოლქებში გაიმართება“, – ნათქვამია განცხადებაში.
„ფუნქციონირებადი დემოკრატიული საზოგადოების მნიშვნელოვანი ელემენტებია როგორც ანგარიშვალდებული მთავრობა, ისე კონსტრუქციული ოპოზიცია. ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს ერთად იმუშაონ ახალ ადგილობრივ ადმინისტრაციებში საქართველოს ინტერესებისთვის“.
„ჩვენ ვაქებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს იმ მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რომელიც მათ საარჩევნო პროცესში შეიტანეს. ევროკავშირი მოუთმენლად ელის საქართველოს მთავრობასთან ახლო თანამშრომლობის გაგრძელებას“, – ნათქვამია განცხადებაში.