პრემიერ-მინისტრი არჩევნებში მმართველი კოალიციის „დამაჯერებელ“ გამარჯვებაზე
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქართულმა ოცნებამ „ძალიან ღირსეული და დამაჯერებელი გამარჯვება“ მოიპოვა ადგილობრივ არჩევნებში და არასწორია სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ ელექტორატმა ხელისუფლებას ამ არჩევნებზე "გაფრთხილება" მისცა.
„სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ ეს არის გარკვეული სიგნალი, მესიჯი ჩვენი ხელისუფლებისადმი, რომ ეს არის გარკვეული გაფრთხილება, არის აბსოლუტურად გადაჭარბებული. ასეთი შედეგი არცერთ პოლიტიკურ ძალას ასეთ დემოკრატიულ ვითარებაში არასოდეს არ მოუპოვებია“, – განაცხადა მან 17 ივნისს.
არჩევნების შესახენ თავის საანგარიშო ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა მართალია აღნიშნა, ცესკოს ჯერ კიდევ დასაზუსტებელი აქვს საბოლოო მონაცემები, მაგრამ საქართველოს მასშტაბით საკრებულოებში, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით, კოალიცია ქართულმა ოცნებამ, მისი ინფორმაციით, ადგილების 67.6% მოიპოვა, "დანარჩენი პარტიები და საინიციატივო ჯგუფები შეადგენს 20%-ს, ხოლო ნაციონალური მოძრაობას აქვს 13%". ასევე მან ხაზი გაუსვა, რომ მერების და გამგებლების არჩევნებში „დამაჯერებლად“ ლიდერობენ ქართული ოცნების კანდიდატები, ხოლო იმ 21 ოლქში, სადაც მეორე ტურია მოსალოდნელი, მათ ექვსი სხვადასხვა პარტიის კანდიდატები დაუპირისპირდებიან, საიდანაც, მისი თქმით, მხოლოდ ექვს ოლქში იქნებიან წარმოდგენილი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები.
ღარიბაშვილის თქმით, ამ შედეგების დასაკნინებლად ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, რომელსაც „საკუთარი თავის ძირითად კონკურენტად წარმოჩენა სურს“, ადგილი აქვს ციფრების მანიპულირებით მოსახლეობის „პირდაპირი მოტყუების“ მცდელობას.
„ჩვენ ვართ დამაჯერებლად გამარჯვებული პოლიტიკური ძალა და რა თქმა უნდა, ჩვენ არავის მივცემთ საშულებას, მათ შორის არც მედია საშუალებებს, რომ ტყუილის ტირაჟირება მოახდინონ და მოსახლეობა შეგნებულად შეიყვანონ შეცდომაში“, – განაცხადა მან.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რომ არა ამომრჩეველთა შედარებით ნაკლები აქტივობა, რაც გამოწვეულია იმ „ხარვეზით“, რომ „უფრო მეტი აქტიურობა იყო საჭირო ჩვენი მხრიდან“, მმართველი კოალიციის პროცენტული მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდებოდა და „ალბათ 75%-ზე მეტი“ იქნებოდა, ხოლო ნაციონალურ მოძრაობას უფრო ნაკლები შედეგი ექნებოდა.