ხაჯიმბა სავარაუდოდ კენჭს იყრის სეპარატისტული აფხაზეთის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში

საკოორდინაციო საბჭომ, რომელიც იმ პოლიტიკურ პარტიებსა და მოძრაობებს აერთიანებს, რომელთაც სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერს ალექსანდრე ანქვაბს გადადგომა აიძულეს, განაცხადა, რომ მხარს უჭერს რაულ ხაჯიმბას კანდიდატად წარდგენას 24 აგვისტოს  ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში.

საკოორდინაციო საბჭომ განცხადებაში, რომელიც „აფსნიპრესმა“ გამოაქვეყნა, განაცხადა, რომ 17 ივნისს გამართულ შეხვედრაზე „აბსოლუტური უმრავლესობით“ გადაწყვიტა რეკომენდაცია გაუწიოს ეროვნული ერთიანობის ფორუმის ლიდერის, დეპუტატ რაულ ხაჯიმბას დასახელებას პრეზიდენტობის კანდიდატად. მასთან ერთად ვიცე-პრეზიდენტის პოსტისთვის შეირჩა აფხაზეთის ომის ვეტერანთა კავშირის „არუაა“-ს ხელმძღვანელი ვიტალი გაბნია.

ხაჯიმბას კანდიდატურა ჯერ ოფიციალურად წარსადგენია; კანდიდატთა რეგისტრაცია 25 ივნისს დაიწყება და 14 ივლისამდე გასტანს.

ეს ხაჯიმბას მხრიდან რეგიონის ლიდერობისთვის ბრძოლის მეოთხე მცდელობა იქნება.

ხაჯიმბა, რომელმაც 1980–იან წლებში კგბ–ს აკადემია დაამთავრა მინსკში, სეპარატისტული რეგიონის ვიცე–პრეზიდენტი იყო 2005–2009 წლებში. მან ეს თანამდებობა აფხაზეთის მაშინდელ ლიდერთან სერგეი ბაღაფშთან ხელისუფლების გაყოფის შესახებ მიღწეული შეთანხმების საფუძველზე დაიკავა, რასაც წინ უძღოდა სადავო საპრეზიდენტო არჩევნები 2004 წელს, სადაც ხაჯიმბას კრემლი ღიად უჭერდა მხარს.

2009 წელს რეგიონის საპრეზიდენტო არჩევნებში ის მეორე ვადით არჩეულ ბაღაბშთან ბრძოლაში დამარცხდა.
 
სეპარატისტული რეგიონის 2011 წლის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ანქვაბმა მოიგო ხმების დაახლოებით 55%, ხოლო ხაჯიმბა მესამე ადგილზე გავიდა ხმების დაახლოებით 20%–ით.