ბურჯანაძე ადგილობრივი არჩევნების შედეგებზე

დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ მისმა კოალიციამ ადგილობრივ არჩევნებზე მიღებული შედეგებით მოახერხა, რომ „მზარდ“ პოლიტიკურ ძალად წარმოჩენილიყო ოპონენტების წინააღმდეგობის მიუხედავად. 

ბურჯანაძემ ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმათა 10.19% დააგროვა და მესამე ადგილზე გავიდა; მართალია ის პერსონალურად კენჭს არ იყრიდა, მაგრამ ადგილობრივ არჩევნებზე მისმა კოალიციამ ქვეყნის მასშტაბით საკრებულოთა პროპორციულ არჩევნებში, წინასწარი ოფიციალური მონაცემებით, 10.23% მიიღო (მხოლოდ გარდაბნის ოლქში არ ჰქონდა კოალიციას პარტიული სიები წარდგენილი). კოალიციის კანდიდატი თბილისის მერობის პოსტზე მესამე ადგილზე გავიდა ხმათა 12.82%-ით. ასევე ბურჯანაძის კოალიციის კანდიდატები იმ 21 ოლქიდან, სადაც მეორე ტურებია მოსალოდნელი,  ქართული ოცნების კანდიდატებს გამგებლის არჩევნების მოსაგებად დაუპირისპირდებიან ოთხ მუნიციპალიტეტში – ახმეტაში, თიანეთში, ტყიბულში, მარტვილში.

17 ივნისს „რუსთავი 2“-ის თოქ-შოუში საუბრისას ნინო ბურჯანაძემ ამ ოთხს ოლქში აქტიურობისკენ მოუწოდა თავის მხარდამჭერებს. მან ასევე განაცხადა, რომ მეორე ტურში შესაძლოა ქართული ოცნების წინააღმდეგ მხარი დაუჭირონ სხვა ოპოზიციურ კანდიდატებს, თუმცა არა ნაციონალურ მოძრაობას. იმ ოლქებში კი, სადაც მეორე ტურში ერთმანეთს ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები დაუპირისპირდებიან, მან თავის მხარდამჭერებს არჩევნებში მონაწილეობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. 

ყოფილმა პარლამენტის თავმჯდომარემ არსებული ხელისუფლება იმ პოლიტიკის გამო გააკრიტიკა, რომლის შედეგადაც  ნაციონალური მოძრაობა, მისი თქმით, კვლავ „მეორე პოლიტიკურ ძალად“ მოიხსენიება.

„თუ ასე გააგრძელებს ხელისუფლება დიდი ალბათობით „ოცნება“ შეიძლება გაქრეს პოლიტიკური ასპარეზიდან და ნაციონალური მოძრაობა მობრუნდეს ხელისუფლებაში“, – განაცხადა მან.

ბურჯანაძის თქმით,  ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ „რადარებიდან გამქრალი ნაციონალური მოძრაობა ძალიან გაეაქტიურებინა“ და ამით „დასავლეთის ცალკეულ წრეებში ქულები ჩაეწერა“.

იმის ნაცვლად, რომ ქართულმა ოცნებამ არჩევნებზე განცდილი „წარუმატებლობა წარმატებად“ წარმოაჩინოს, მან მოუწოდა პრემიერ-მინისტრს „რეალური და ადექვატური შეფასებები“ გააკეთოს და გადახედოს კოალიციის ზოგიერთი წევრის საქმიანობას. მან ამ კონტექსტში მმართველი კოალიციიდან ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურად გადარჩენის მსურველთა შორის რესპუბლიკური პარტია დაასახელა.

ბურჯანაძის თქმით, თუ პრემიერი ღარიბაშვილი გულწრფელია, როცა ამბობს, რომ „სურს ნაციონალური მოძრაობა აღარ იყოს მთავარი პოლიტიკურ ძალა ქვეყანაში“, მაშინ მას „ძალიან სერიოზული ბრძოლა“ მოუწევს, რათა „თავისი სამართლიანი სურვილები შესაბამისობაში მოაყვანინოს თავის თანაგუნდელებს, რომლებიც ნაციონალურ მოძრაობასთან ადრეც იყვნენ ჩახუტებულები… და ახლაც მშვენივრად უწყობენ ერთმანეთს ფეხს“.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა მისი კოალიციის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება, რომელიც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მიღწევისთვის ბრძოლის წარმოებას უკავშირდება.