სომხეთის პრეზიდენტი საქართველოს სტუმრობს
სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა 18-19 ივნისს თბილისში საქართველოს ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები გამართა, რათა ის შედეგები განეხილა, რაც მოყვება ერევნის გაწევრიანებას რუსეთის ლიდერობით შექმნილ საბაჟო კავშირში იმ ფონზე, როდესაც თბილისი მომავალ კვირას ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერას გეგმავს.
მოლაპარაკებების შემდეგ საქართველოს და სომხეთის ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ ორმა ქვეყანამ მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს, რათა თავიდან აიცილოს უკუსვლა ორმხრივ ვაჭრობასა და ეკონომიკურ თანამშრომლობაში და ორი ქვეყნის მიერ არჩეული „განსხვავებული გზები“ ქართული და სომხური ბიზნესისთვის ახალ შესაძლებლობად აქციოს.
„ნება მომეცით, კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი უზარმაზარი სურვილი და მზადყოფნა, რომ ვიმუშაოთ თქვენთან მეგობრობის და ურთიერთგაგების სულისკვეთებით. ეს ვიზიტი საქართველოში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია… ჩვენ საკითხების ფართო სპექტრი გვაქვს და აუცილებლად შევძლებთ ორმხრივად ხელსაყრელი თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები დავსახოთ“, – განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა თავის ქართველ კოლეგასთან გიორგი მარგველაშვილთან მოლაპარაკებების შემდეგ.
„რა თქმა უნდა, განვიხილეთ სომხეთის მონაწილეობა ევრაზიის რეგიონში მიმდინარე ინტეგრაციის პროცესებში“, – განაცხადა პრეზიდენტმა სარგსიანმა.
„ჩვენ ქართველ კოლეგებს ის ძალისხმევა გავაცანით, რომელიც უკვე განხორციელდა ამ კუთხით და ასევე შემდგომი პროგრამები, კერძოდ საქართველოსთან ორმხრივად ხელსაყრელი ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები“, – განაცხადა მან.
„მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ 27 ივნისს [ევროკავშირთან] ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერით და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაში გაწევრიანებით საქართველო შესაძლებლობას უქმნის იმ სომხურ ბიზნესებს, რომლებიც ევროპული ბაზრის ნაწილად მოიაზრებიან, რომ ინვესტიცია განახორციელონ საქართველოში, და პირიქით – მას შემდეგ, რაც სომხეთი საბაჟო კავშირში შევა, პერსპექტივა გაუჩნდებათ იმ ქართველ ბიზნესმენებს, რომელთაც წვდომა აქვთ ან შესაძლოა გაუჩნდეთ წვდომა რუსულ ბაზარზე ან საბაჟო კავშირის სხვა წევრების ბაზრებზე“, – განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა.
მარგველაშვილმა, რომელმაც სარგსიანი “ახლო მეგობრად“ მოიხსენია, განაცხადა, რომ მათი შეხვედრა „ახალი ნაბიჯების გადადგმის წინ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“.
„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამ ნაბიჯებს ჩვენი ქვეყნების მომავლისთვის მხოლოდ პოზიტიური შედეგი ექნება“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, „მე და სომხეთის პრეზიდენტს ყველა ამ და სხვა – კულტურის, მეცნიერების, განათლების სფეროების მიმართულებით გვაქვს ერთნაირი ხედვა“.
ასევე 18 ივნისს სომხეთის პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს და სხვა დეპუტატებს შეხვდა. სომხეთის დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრეზიდენტი ხელმძღვანელობს, რამდენიმე დეპუტატიც შედის.
„ბოლო ხანებში ჩვენ განვითარების სხვადასხვა გზა ავირჩიეთ“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრის შემდეგ.
„საქართველოს გადაწყვეტილი აქვს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა, ხოლო სომხეთს გადაწყვეტილი აქვს რუსეთთან, ბელორუსთან და ყაზახეთთან სხვა გაერთიანებაში შესვლა. ჩვენ გვესმის ის მიზეზები, თუ რატომ გააკეთა ორივე ქვეყანამ ესა თუ ის არჩევანი და ეს კიდევ უფრო აძლიერებს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობას. შევთანხმდით იმაზე, რომ უნდა ვიმუშაოთ ბევრი იმისთვის, რომ ამ განსხვავებულ, სხვადასხვა მიმართულების მქონე სავაჭრო-ეკონომიკურ გაერთიანებებში ყოფნის დროს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კი არ დაზარალდეს, არამედ გაუმჯობესდეს და ამისთვის სპეციალურ ზომებს უნდა მივმართოთ”, – განაცხადა უსუფაშვილმა.
მან ასევე განაცხადა, რომ საპარლამენტო დელეგაციები, მათ შორის დარგობრივი კომიტეტები, ვიზიტებით ეწვევიან ორივე ქვეყანას, რათა „ქართული მხარე კარგად გაერკვეს, თუ რა იცვლება სომხეთის ევრაზიულ კავშირში გაერთიანების შემდეგ ბიზნეს კლიმატთან დაკავშირებით, სავაჭრო-ეკონომიკურ კანონმდებლობასთან დაკავშირებით და სომხური მხარეც უკეთ გაეცნოს, თუ რა იცვლება საქართველოში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ“.
„ესაა აუცილებელი იმისთვის, რომ ორ ქვეყანას შორის იყოს უპრობლემო ურთიერთობა სხვადასხვა სფეროში“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
„განსხვავებული გზები უნდა ვაქციოთ არა დისტანცირების საშუალებად, არამედ პირიქით, კიდევ უფრო უნდა გავამყაროთ ეს ურთიერთობები. ორივე მხარეს კარგად გვესმის, რომ უერთმანეთოდ ჩვენ ვერ შევძლებთ საკუთარი უსაფრთხოების და სტაბილურობის შენარჩუნებას”, -აღნიშნა უსუფაშვილმა.
თავის ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ საუბრისას პრეზიდენტმა სარგსიანმა განაცხადა, რომ „სომხურ–ქართული პარტნიორობის მუდმივი გაძლიერება სომხეთის საგარეო პოლიტიკის ერთ–ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს“.
„სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ მყიფე სტაბილურობას და მშვიდობას მნიშვნელოვანწილად განაპირობებს პროდუქტიული და ძლიერი თანამშრომლობა სომხეთსა და საქართველოს შორის. ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემდით ერთმანეთის გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა სარგსიანმა.
„რეგიონალური უსაფრთხოების კონტექსტში, ჩვენ აღვნიშნეთ პროდუქტიული თანამშრომლობის მნიშვნელობა საერთაშორისო ფორუმებზე, დაბალანსებული და კონსტრუქციული პოზიციის შენარჩუნება იმ საკითხებზე, რომლებიც სენსიტიურია თითოეული ჩვენგანისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ჩვენ ერთ აზრზე ვართ, რომ ყველა კონფლიქტის სრული მოგვარება მხოლოდ მშვიდობიანი გზითაა შესაძლებელი საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად“, – განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა.
19 ივნისს სერჟ სარგსიანს სამუშაო საუზმეზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უმასპინძლა, რის შემდეგაც საქართველოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებებს „საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ და „საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“.