ჟენევის მოლაპარაკებების 28–ე რაუნდი
სოხუმის და ცხინვალის წარმომადგენლებმა, რუსეთის წარმომადგენლის მხარდაჭერით, 18 ივნისს ჟენევის მოლაპარაკებების 28–ე რაუნდის დღის წესრიგიდან იძულებით გადაადგილებული პირების და ლტოლვილების საკითხის ამოღება მოითხოვეს.
მოლაპარაკებები ჩაიშალა, რადგანაც სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა ერთ–ერთი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დატოვეს; ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში გამართული შეხვედრებზე დემარშის რამდენიმე შემთხვევას ჰქონდა ადგილი.
ჟენევის დისკუსიებში, რომელსაც ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს წარმომადგენლები თანათავმჯდომარეობენ, საქართველოს, რუსეთის და აშშ–ის და ასევე სოხუმის და ცხინვალის წარმომადგენლები არიან ჩართულები, რომელთაც ფორმალურად „მონაწილეები“ ჰქვიათ. დისკუსიები ორი სამუშაო ჯგუფის ფორმატში იმართება, რომელთაგანაც ერთი უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ხოლო მეორე ჰუმანიტარულ საკითხებს განიხილავს, მათ შორის დევნილების თემას.
მეორე სამუშაო ჯგუფში, მონაწილეებმა სოხუმიდან და ცხინვალიდან განაცხადეს, რომ ისინი ვერ ხედავენ რაიმე მიზეზს იმისა, რომ დევნილებთან დაკავშირებული საკითხები ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში განიხილონ, სანამ თბილისი ამ საკითხის „პოლიტიზირებას“ ახდენს წლიდან წლამდე გაეროს გენერალურ ასამბლეაზე რეზოლუციის ინიცირებით, რომლითაც დევნილთა დაბრუნებისკენ მოუწოდებს.
5 ივნისს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოს მიერ ინიცირებული უკვე მეშვიდე რეზოლუცია მიიღო, რომელიც კიდევ ერთხელ აღიარებს ყველა იძულებით გადაადგილებული პირის და ლტოლვილის უფლებას დაბრუნდნენ სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.
მოსკოვი ასევე აცხადებს, რომ ამგვარი რეზოლუციის ყოველწლიურად წარდგენა ასამბლეაზე ხელს უშლის ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხის განხილვას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე.
მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებმა ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან სინანული გამოთქვეს მეორე სამუშაო ჯგუფის შეხვედრის ჩაშლის გამო, რაც „მონაწილეებს შორის დღის წესრიგის გარკვეულ პუნქტებზე უთანხმოებამ“ განაპირობა.
თანათავმჯდომარეებმა აღნიშნეს განცხადებაში, რომ მეორე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განსახილველი საკითხები „წმინდა ჰუმანიტარულია და მათი პოლიტიზირება არ უნდა მოხდეს“.
„ჰუმანიტარული საკითხები ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მანდატის ნაწილი იყო. ამიტომ, მათი ჩავარდნა შემაშფოთებელი გარემოებაა“, – განაცხადეს თანათავმჯდომარეებმა და დასძინეს, რომ ისინი განაგრძობენ კონსულტაციებს ყველა მონაწილესთან ორმხრივად მისაღები გამოსავლის მოსაძებნად.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ დისკუსიაში კონსტრუქციულად ჩართვაზე უარის თქმის შემდეგ, მონაწილეებმა მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან შეხვედრა დატოვეს და „შეეცადნენ“ პირველ სამუშაო ჯგუფს დასწრებოდნენ, რომელიც უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს. თბილისი ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა რაიმე ცვლილებას ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მიმდინარე დისკუსიების უკვე ჩამოყალიბებულ ფორმატში.
საქართველოს მთავარმა მომლაპარაკებელმა მადლიერება გამოხატა თანათავმჯდომარეების მიმართ მათი მტკიცე და მკაფიო პოზიციის გამო ჟენევის დისკუსიების არსებული ფორმატის და დღის წესრიგის შენარჩუნებასთან დაკავშირებით.
შეერთებულმა შტატებმა, რომლის წარმომადგენელიც ასევე მონაწილეობს ჟენევის დისკუსიებში, აღნიშნა განცხადებაში, რომ სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მონაწილეების გადაწყვეტილებამ შეეწყვიტათ მონაწილეობა ჰუმანიტარულ საკითხებზე სამუშაო ჯგუფში „ჩაშალა ამ საკითხების დიალოგის გზით მოგვარების ძალისხმევა და დისკუსიების ამ რაუნდის სწრაფი დასრულება გამოიწვია“.
მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი 7–8 ოქტომბერს არის დაგეგმილი.