29 ივნისს ხუთი ოლქის შვიდ უბანზე განმეორებითი კენჭისყრა გაიმართება

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ 29 ივნისს განმეორებითი კენჭისყრები დანიშნა ხუთი ოლქის  – მარნეულის, ზუგდიდის, ხონის, ტყიბულის და ქობულეთის – შვიდ უბანში.

განმეორებითი კენჭისყრები გაიმართება მარნეულის ორ სადავო 25-ე და 57-ე უბნებზე, რომელთა შედეგებიც ადგილობრივმა საოლქო კომისიამ გააბათილა.

ცესკოში განაცხადეს, რომ დიდი ალბათობით, ამ უბნებში ჩატარებული კენჭისყრა ვერ მოახდენს გავლენას მარნეულში გამგებლის არჩევნების შედეგებზე, რომელშიც წინასწარი მონაცემებით, ქართული ოცნების კანდიდატი პირველივე ტურში ამარცხებს კონკურენტს ნაციონალური მოძრაობიდან.

ცესკოს პრესსპიკერის ეკა აზარაშვილის განცხადებით, საბოლოოდ 29 ივნისის განმეორებითი კენჭისყრა გამოავლენს დაემატება თუ არა რომელიმე სხვა მუნიციპალიტეტი იმ ოლქებს, სადაც მეორე ტურია მოსალოდნელი 8 ქალაქის მერის და 13 გამგებლის ასარჩევად.

მისივე ინფორმაციით, როგორც მოსალოდნელია, მეორე ტურები სავარაუდოდ ივლისის შუა რიცხვებში დაინიშნება.

განმეორებითი არჩევნები ასევე ჩატარდება ხონის 22-ე უბანზე, სადაც შედეგები იმის გამო გაუქმდა, რომ არჩევნების დღეს უცხო პირები შეიჭრნენ და საარჩევნო ყუთი დაამტვრიეს; ასევე ტყიბულის ორ – #2 და #5 უბნებზე, რომლის შედეგებიც ადგილობრივმა საოლქო კომისიამ ბათილად ცნო.

ხონშიც და ტყიბულშიც მეორე ტურებია მოსალოდნელი. ხონში ერთმანეთს გამგებლობისთვის ქართული ოცნების კანდიდატი (46.73%) და ნაციონალური მოძრაობის წინასწარ პატიმრობაში მყოფი კანდიდატი (42.02%) დაუპირისპირდებიან, ხოლო ტყიბულში ქართული ოცნების კანდიდატს (44.04%) მეორე ტურში კონკურენციას ნინო ბურჯანაძის კოალიციის კანდიდატი გაუწევს, რომელმაც წინასწარი მონაცემებით, ხმების 33.03% დააგროვა.

განმეორებითი კენჭისყრები დაინიშნა ასევე ზუგდიდის ოლქის ანაკლიის 32-ე უბანზე, სადაც არჩევნების დღეს კენჭისყრა უცხო პირების მიერ საარჩევნო ინვენტარის დაზიანების გამო ჩაიშალა; და ქობულეთის 34-ე უბანზე, რომლის შედეგებიც ადგილობრივმა საოლქო კომისიამ გააბათილა.