პრეზიდეტის ყოფილი მრჩეველი პრეზიდენტისა და მთავრობის ურთიერთობებში ‘ივანიშვილის ფაქტორზე’
პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ვანო მაჭავარიანმა განაცხადა, რომ პრეზიდენტსა და მთავრობას შორის „არასახარბიელო“ ურთიერთობებში სერიოზულ როლს თამაშობს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის „ფაქტორი“, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მარტში ივანიშვილმა პრეზიდენტი მარგველაშვილი საჯაროდ გააკრიტიკა.
„მთავრობამ, ბიძინა ივანიშვილის განცხადების შემდეგ, ფაქტიურად, გარკვეული დისტანცია დაიჭირა პრეზიდენტისგან, პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან“, – განაცხადა მაჭავარიანმა და დასძინა, რომ მიუხედევად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი თანამდებობაზე აღარ არის, მას „ყველა თემაზე აქვს თავისი აზრი“, რასაც მთავრობის ზოგიერთი წევრი ითვალისწინებს.
„მე მგონი არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილს აქვს ძალიან დიდი როლი პროცესებში. ის გარკვეულწილად ჩართულია და ამის შესახებ ის საუბრობს ღიად“, – განაცხადა მან.
პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა, რომელმაც თანამდებობა გასულ კვირას, როგორც თავად თქვა, პრეზიდენტის თხოვნის საფუძველზე დატოვა, 18 ივნისს ტელეკომპანია „მაესტროსთან“ ინტერვიუში სხვა საკითხებთან ერთად პრეზიდენტისა და მთავრობის ამჟამინდელ ურთიერთობებზე ისაუბრა.
მისი თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციას ფაქტიურად მარტო უწევდა მუშაობა, ვინაიდან არ იყო სათანადო ხელშეწყობა მთავრობისგან, რაც მისი თქმით, გამოიხატებოდა ვიზიტებში მონაწილეობაზე უარის თქმაში, ასევე იმაში, რომ „ძალიან ფორმალურ და ზედაპირულ ინფორმაციას ვიღებდით ძალიან ბევრ ქვეყანასთან მიმართებაში, სადაც მივდიოდით“.
„სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ რეალურად პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინება სახეზეა“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
კითხვაზე, თუ როგორია პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის ურთიერთობები, პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა უპასუხა: „მე მინდა გითხრათ, რომ ცუდი ურთიერთობები ნამდვილად არ არის, არის ნამდვილად სამუშაო ურთიერთობები, მაგრამ არის ბიძინას ფაქტორი“.
მისი თქმით, ძალიან რთულია ისეთ რეჟიმში მუშაობა, როდესაც „ბიძინა ივანიშვილმა ასე ვთქვათ ხაზი გადაუსვა პრეზიდენტს და პრეზიდენტის საქმიანობას“ მაშინ, როდესაც გიორგი მარგველაშვილს „რეალურად არანაირი საბაბი არ მიუცია“ ამისთვის.
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა მაჭავარიანის განცხადებებს „ჭორაობა“ უწოდა და განაცხადა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ურთიერთობები „ძალიან ინტენსიურია“.
ვანო მაჭავარიანმა „მაესტროსთან“ ინტერვიუში თანამდებობის დატოვების მიზეზებზე საუბრისას განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებისას იმასთან ერთად, რომ მუშაობის არასათანადო გარემო და სიტუაცია ჰქონდა, „გარკვეული“ როლი მისი მისამართით ბიძინა ივანიშვილის კრიტიკამ ითამაშა.
მარტში მარგველაშვილით „იმედგაცრუების“ ერთ-ერთ მიზეზად ბიძინა ივანიშვილმა ვანო მაჭავარიანიც დაასახელა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის მიხეილ მაჭავარიანის ძმაა. მაშინ მან თქვა, რომ ვანო მაჭავარიანმა „უმსგავსო“ საქციელი ჩაიდინა, როცა 2011 წელს ქართულ ოცნებასთან თანამშრომლობაზე უარის თქმის სანაცვლოდ, ნაციონალური მოძრაობისგან კარგად ანაზღაურებადი სამსახური მიიღო. მაჭავარიანზე, რომელმაც უარყო ეს ბრალდება, ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ „ტრაგედია არ არის“, თუმცა არასასიამოვნოა, როცა ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერის ძმა პრეზიდენტ მარგველაშვილის „ფავორიტი“ გახდა.
იგივე გაიმეორა ბიძინა ივანიშვილმა 15 ივნისს მაჭავარიანის გადადგომის კომენტირებისას, რომლის დროსაც ამ საკადრო გადაწყვეტილებასთან კავშირი მან უარყო.
„სულაც არ მინდა, რომ ის, როგორც მოხდა და განვითარდა, ვინმემ მე მომაწეროს“, – განუცხადა ივანიშვილმა ჟურნალისტებს არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ, „არცერთ შემთხვევაში ეს ჩემთან არ უნდა დაკავშირდეს. ეს არის მათი [მარგველაშვილის და მაჭავარიანის] ურთიერთობა და აქ არსად არ იკვეთება, რომ მე გამიწია ანგარიში“.