პრეზიდენტმა ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელად დავით პატარაია დანიშნა
პრეზიდენტმა მარგველაშვილმა 19 ივნისს მისი ადმინისტრაციის ახალ უფროსად დავით პატარაია, ხოლო საგარეო ურთიერთობებში თავის ახალ მრჩევლად თენგიზ ფხალაძე დანიშნა.
ეს თანამდებობები ერთი კვირის წინ გახდა ვაკანტური, როცა ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა ლაშა აბაშიძემ და საგარეო ურთიერთობათა მდივანმა ვანო მაჭავარიანმა თანამდებობები 13 ივნისს "საკუთარი ინიციატივით" დატოვეს.
დავით პატარაიას, რომელიც სამართლის დოქტორია, ადმინისტრაციის უფროსად დანიშვნამდე, 2013 წლის დეკემბრიდან პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობა ეკავა, რომელზეც ის მისმა მოადგილემ, საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტმა გიორგი კვერენჩხილაძემ შეცვალა.
საგარეო ურთიერთობათა საკითხებში პრეზიდენტის ახალი მრჩეველი თენგიზ ფხალაძე გეოპლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარე იყო, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, ის ასევე აშშ-ს ატლანტიკური საბჭოსა და ბრიტანეთის საერთაშორისო ურთიერთობათა სამეფო ინსტიტუტის (Chatham House) წევრია, იყო კონსული აზერბაიჯანში და პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილე მცხეთა-მთიანეთის მხარეში.