ნაციონალური მოძრაობის ორი დეპუტატი ბაქოს აეროპორტში გააჩერეს
ნაციონალური მოძრაობის ორმა დეპუტატმა, ზურაბ ჯაფარიძემ და ირმა ნადირაშვილმა დაადასტურეს, რომ ისინი 19 ივნისს ბაქოს აეროპორტში გააჩერეს, მაგრამ უარყვეს ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანელმა მებაჟეებმა მათ დიდი ოდენობის არადეკლარირებული ნაღდი ფული ჩამოართვეს.
ინფორმაცია ამ საქმესთან დაკავშირებით, რომლის დეტალებიც კვლავ ბუნდოვანია, ხუთშაბათს შუადღის შემდეგ გავრცელდა, როდესაც საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ განაცხადა წყაროს დასახელების გარეშე, რომ დეპუტატები ჯაფარიძე და ნადირაშვილი „დააკავეს“ ბაქოს აეროპორტში „დიდი ოდენობით“ ფულადი თანხით და „ელექტროშოკური აპარატებით“. ბაქოდან ქართული ტელეკომპანიებისთვის ტელეფონით გაკეთებულ მოკლე კომენტარში ირმა ნადირაშვილმა უარყო ეს ინფორმაცია.
საქართველოს ელჩმა აზერბაიჯანში თეიმურაზ შარაშენიძემ უარყო ელექტროშოკებთან დაკავშირებული ინფორმაცია, მაგრამ განუცხადა ქართულ ტელეკომპანიებს ტელეფონით ბაქოდან, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ აცნობა საელჩოს, რომ დეპუტატები ნადირაშვილი და ჯაფარიძე „გააჩერეს“ აეროპორტში „არადეკლარირებულ თანხასთან“ დაკავშირებით და რომ საუბარი იყო, დაახლოებით, 500 000–დან 1 მილიონ დოლარის ოდენობაზე.
ხუთშაბათს საღამოს, როდესაც დეპუტატები ჯაფარიძე და ნადირაშვილი ისევ ბაქოში იმყოფებოდნენ, კოალიცია ქართულმა ოცნებამ განცხადება გამოაქვეყნა და საქართველოს ელჩის ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა „შავი ფულით და უკანონო მეთოდებით ბრძოლას არ იშლის“.
ხუთშაბათს საღამოს ბაქოდან თბილისში დაბრუნების შემდეგ ჯაფარიძემ და ნადირაშვილმა უთხრეს ჟურნალისტებს თბილისის აეროპორტში, რომ ისინი აზერბაიჯანელმა მებაჟეებმა გააჩერეს, მაგრამ გაუშვეს მას შემდეგ, რაც მათი გაჩხრეკის შედეგად ვერაფერი უკანონო ვერ აღმოაჩინეს.
ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ბაქოს აეროპორტში მისვლის და რეგისტრაციის გავლის შემდეგ მებაჟემ მისი პასპორტი წაიღო და ასევე მისთვის უცნობი მიზეზით „გაჩხრიკა“; ჯაფარიძემ ასევე განაცხადა, რომ მას პასპორტი დაახლოებით 20 წუთში დაუბრუნეს, მაგრამ იმ დროს მათ უკვე დააგვიანეს თბილისის რეისზე; ამიტომ გადაწყვიტეს, რომ ისევ ქალაქში დაბრუნებულიყვნენ და იმავე დღის მომდევნო რეისს დალოდებოდნენ. მან განაცხადა, რომ სწორედ მაშინ შეიტყვეს მედიით გავრცელებული ინფორმაცია მათი „დაკავების“ შესახებ. დეპუტატებმა განაცხადეს, რომ აეროპორტში დაბრუნებისას მათ ბაქოში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები დაინახეს, რომლებიც, ჯაფარიძის თქმით, ეკითხებოდნენ აზერბაიჯანელ მებაჟეებს, რა თანხა და რამდენიმე ელექტროშოკი იქნა ნაპოვნი; დეპუტატებმა განაცხადეს, რომ სწორედ საელჩოს წარმომადგენლების ქმედებების შედეგად გაჩხრიკეს ისინი აზერბაიჯანელმა მებაჟეებმა (ჯაფარიძის თქმით, ეს მისი უკვე მეორე გაჩხრეკა იყო), სანამ თბილისში გამოფრენის საშუალებას მისცემდნენ.
საქართველოს ელჩმა ბაქოში თეიმურაზ შარაშენიძემ 20 ივნისს ტელეკომპანია „მაესტროს“ ტელეფონით განუცხადა: „ჩვენ შევეცადეთ სიტუაციაში გარკვევას. გვქონდა საუბარი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მეც, ბატონ კონსულსაც – ორივეს დაგვიდასტურეს, რომ შეჩერებულები არიან საბაჟოს მიერ აეროპორტში საქართველოს მოქალაქეები ნადირაშვილი და ჯაფარიძე, რომელთაც აღმოაჩნდათ არადეკლარირებული დიდი რაოდენობით ფულადი თანხა, რის გამოც მოხდა მათი გაჩერება. ისინი ფაქტიურად არ გაუშვეს ყატარის ავიახაზების რეისზე, რომელიც 2-ის 15 წუთზე უნდა გამოფრენილიყო თბილისში. ჩაუტარეს მათ გამოკვლევა, ჩხრეკა და ჩვენი ინფორმაციით, სადღაც 6 საათისთვის იყვნენ გაშვებულები საბაჟო ტერმინალიდან“.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა 20 ივნისს, რომ თბილისმა ბაქოს სთხოვა მიაწოდოს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა ბაქოს აეროპორტში.
„ფაქტია, რომ რაღაცას ადგილი ჰქონდა; ფაქტია, რომ რაღაც პრობლემა იქ იყო“, – განუცხადა ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს და დასძინა, რომ საქართველოს კონსული ბაქოში და მისი მოადგილე მას შემდეგ მივიდნენ აეროპორტში, რაც მედიით გავრცელდა ინფორმაცია ინციდენტის შესახებ.
აზერბაიჯანის ელჩი თბილისში აზერ ჰუსეინი 20 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მივიდა ამ საკითხთან დაკავშირებით; მან სამინისტროს დატოვებისას კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა. აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტმა კომენტარის შესახებ თხოვნას არ უპასუხა.