საქართველო აშშ–ის ანგარიშში ადამიანთა ტრეფიკინგის შესახებ

მიუხედავად ზოგიერთი გაუმჯობესებისა, 2013 წელს საქართველოს ძალისხმევა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით „კვლავ დაბალი დარჩა“, ნათქვამია აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ახალ ყოველწლიურ ანგარიშში ადამიანთა ტრეფიკინგის შესახებ, რომელიც 20 ივნისს გამოქვეყნდა.

ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობა „სრულად არ აკმაყოფილებს ტრეფიკინგის აღმოფხვრისთვის საჭირო მინიმალურ სტანდარტებს; თუმცა, ის მნიშვნელოვან ძალისხმევას მიმართავს ამის მისაღწევად“.

შედეგად, საქართველო მეორე ჯგუფში რჩება, სადაც ის 2012 წლის საანაგარიშო პერიოდში ჩამოქვეითდა მას შემდეგ, რაც წინა ანგარიშებში, ექვსი წლის მანძილზე მიყოლებით,  საქართველო „პირველ ჯგუფში“ ხვდებოდა – ეს უმაღლესი კატეგორიაა, რომელიც მართალია არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ადამიანთა ტრეფიკინგის პრობლემა არ დგას, მაგრამ მიუთითებს, რომ მისი მთავრობა გარკვეულ ძალისხმევას მიმართავს, რათა ეს პრობლემა მოაგვაროს და ტრეფიკინგის აღმოფხვრის მინიმალური სტანდარტები დააკმაყოფილოს. მესამე ჯგუფი ყველაზე დაბალი კატეგორიაა, რომელიც იმ ქვეყნებს ენიჭებათ, რომელთა მთავრობებიც სრულად არ აკმაყოფილებენ ტრეფიკინგის აღმოფხვრის მინიმალურ სტანდარტებს და მნიშვნელოვან ძალისხმევასაც არ მიმართავან ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

„საქართველო ტრეფიკინგის მსხვერპლი მამაკაცების, ქალების და ბავშვების, კერძოდ კი ქალების სექსუალური ექსპლოატაციის და მამაკაცების, ქალების და ბავშვების იძულებითი შრომის თვალსაზრისით ადამიანთა ტრეფიკინგის წყაროს, ტრანზიტის და დანიშნულების ქვეყანას წარმოადგენს“, – ნათქვამია ანგარიშში, „ქალები და გოგონები საქართველოდან ქვეყნის შიგნით, ასევე თურქეთში და გარკვეულწილად, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში და რუსეთში სექსუალური ტრეფიკინგის მსხვერპლნი ხდებიან. ქალები აზერბაიჯანიდან, უზბეკეთიდან, ყირგიზეთიდან და სხვა ქვეყნებიდან იძულებითი პროსტიტუციის მსხვერპლნი ხდებიან საქართველოს კომერციულ სექს ვაჭრობაში ბათუმის და გონიოს ტურისტულ ზონებში“.

ანგარიშის თანახმად, მთავრობამ გააძლიერა ძალისხმევა ტრეფიკინგის მსხვერპლთა გამოვლენის და დაცვის თვალსაზრისით, „მაგრამ კვლავ არასაკმარისად ხდება იმ ბავშვების დაცვა, რომელთაც მათხოვრობას აიძულებენ, ასევე იმ ქალების და გოგონების დაცვა, რომლებიც სექსუალური ტრეფიკინგის მსხვერპლნი არიან“.