ექვსმა პრემიერ–მინისტრმა რუმინეთში არაფორმალური შეხვედრა გამართა
რუმინეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთის, სერბეთის, საქართველოს და მოლდოვას პრემიერ–მინისტრებმა აღმოსავლეთ რუმინეთის ქალაქ ტულჩაში არაფორმალური შეხვედრა გამართეს.
რუმინეთის პრემიერ–მინისტრმა ვიქტორ პონტამ განაცხადა 22 ივნისს, რომ ეს არაფორმალური შეხვედრა კარგი შესაძლებლობა იყო ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობაში მიმდინარე მოვლენების განსახილველად და იმ ქვეყნებისადმი მხარდაჭერის დასადასტურებლად, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვიან.
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა პრესკონფერენციაზე, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია „შეუქცევადია“.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობა სრულად აცნობიერებს იმ „რთულ სამუშაოს“, რისი შესრულებაც ქვეყანას მოუწევს მას შემდეგ, რაც თბილისი 27 ივნისს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერს ხელს.
„მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ჩვენ მთლიანად მოტივირებული ვართ, რომ ეს რეფორმები განვახორციელოთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
უკრაინის პრემიერ–მინისტრი არსენი იაცენიუკი ვერ შეურთდა თავის კოლეგებს ტულჩაში, აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო, განაცხადა რუმინეთის პრემიერ–მინისტრმა.
როდესაც ირაკლი ღარიბაშვილს პრესკონფერენციაზე გამოწვევებსა და საფრთხეებზე ჰკითხეს, განსაკუთრებით უკრაინაში განვითარებული მოვლენების კონტექსტში, მან განაცხადა, რომ საქართველო „უკრაინასთან შედარებით განსხვავებულ მდგომარეობაში იმყოფება“.
„უკრაინა ბევრად უარეს მდგომარეობაში იყო; რა თქმა უნდა, ჩვენ უკიდურესად შეშფოთებულები ვართ უკრაინის ბოლოდროინდელი მოვლენების გამო. ვიმედოვნებ, რომ უკრაინის ახალი პრეზიდენტი და ახალი მთავრობა იპოვიან ამ კრიზისიდან გამოსავალს“, – განაცხადა მან.
„ვფიქრობ, საქართველოს გზა საინტერესოა, რადგანაც ჩვენ შევქმენით პრეცედენტი, მაგალითი, რომ ერთი მხრივ, მკაფიოდ დავანახეთ, რომ ჩვენი [ევროპული] ინტეგრაციის პროცესი შეუქცევადია, მაგრამ მეორე მხრივ, ეს არ ეწინააღმდეგება ჩვენს მისწრაფებას, რომ მეზობელ ქვეყნებთან, რუსეთის ჩათვლით, ურთიერთობების ნორმალიზება მოვახდინოთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.