ცესკო მეორე ტურის თარიღის დასახელებაზე ნაციონალური მოძრაობის მოთხოვნას პასუხობს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ მეორე ტურის თარიღი „უმოკლეს ვადებში“ დასახელდეს, „სცილდება საკანონმდებლო ჩარჩოებს“.

„ცალსახად განვმარტავთ, რომ კანონმდებლობის შესაბამისად არჩევნების მეორე ტურის თარიღი გამოცხადდება შემაჯამებელი ოქმის მიღების და ყველა სასამართლო დავის დასრულების შემდეგ“, – განაცხადა ჟვანიამ 23 ივნისს ბრიფინგზე.

არჩევნების შედეგების შეჯამებას წინ უძღვის საარჩევნო დავების განხილვის პროცესი, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს, როგორც საარჩევნო კომისიებში, ისე სასამართლოებში.

ცესკოს, კანონმდებლობის მიხედვით,  მეორე ტურის დანიშვნის უფლება მხოლოდ მას შემდეგ ექნება, რაც არჩევნების შედეგებს საარჩევნო დავებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მხედველობაში მიღებით ოფიციალურად შეაჯამებს.

ამასთან, კანონმდებლობა თბილისის მერის არჩევნების შეჯამებისთვის უფრო ხანგრძლივ ვადებს (მაქსიმალური ვადა არჩევნების დღიდან 24-ე დღე) აწესებს, ვიდრე სხვა ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მერებისა და გამგებლების არჩევნების შეჯამებისთვის (არაუგვიანეს მე-11 დღე) არის განსაზღვრული.  

თუმცა შედეგების შეჯამება ცესკოს მეორე ტურის თარიღის დაუყოვნებლივ დანიშვნის უფლებას არ აძლევს, ვინაიდან უნდა დაელოდოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრებისთვის გათვალისწინებული ვადების ამოწურვას; ამასთან, თუ ოქმი გასაჩივრდა, მას მეორე ტურის თარიღის დანიშვნა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 3 დღის ვადაში შეეძლება სასამართლოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით. კანონის მიხედვით, არჩევნების მეორე ტური ტარდება ცესკოს მიერ მისი დანიშვნის შესახებ განკარგულების მიღებიდან არაუგვიანეს მე-14 დღისა.

თამარ ჟვანიამ თავის განცხადებაში, საარჩევნო სუბიექტებს  „მეტი კომპეტენცისა და პასუხისმგებლობისკენ“ მოუწოდა საარჩევნო საკითხებზე მსჯელობისას.

მის ამ განცხადებას წინ უძღოდა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას ბრიფინგი, რომელზეც მან მთავრობა ცესკოს თავმჯდომარეზე ზეწოლაში დაადანაშაულა, რათა მისგან მეორე ტურის 12 ივლისს დანიშვნას მიაღწიოს.  

თამარ ჟვანიამ ამ ბრალდებას უპასუხა, რომ  „მეორე ტურის თარიღის დანიშვნა არ წარმოადგენს ცესკოს თავმჯდომარის კომპეტენციას" და ეს „დამოუკიდებელი" ცესკოს გადასაწყვეტი საკითხია.  

"ვერცერთი პოლიტიკური ძალა ან მათი განცხადებები ვერ იქონიებს გავლენას ცესკოს გადაწყვეტილებებზე", – დასძინა მან.

ცესკოში თავდაპირველად აცხადებდნენ, რომ მეორე ტური, რომელიც ამ ეტაპისთვის არსებული წინასწარი მონაცემებით, 8 ქალაქის, მათ შორის დედაქალაქის მერისა და 13 მუნიციპალიტეტში გამგებლის ასარჩევად უნდა გაიმართოს, ივლისის ბოლოს დაინიშნებოდა, თუმცა მოგვიანებით, ცესკომ განაცხადა, რომ მან შესაძლოა ივლისის შუა რიცხვებისთვის გადმოიწიოს.

გიგი უგულავამ განაცხადა, რომ არსებული წესებითა და პროცედურებით „შეუძლებელია“, რომ ცესკომ 19 ივლისამდე ადრე დანიშნოს მეორე ტური და საარჩევნო ადმინისტრაციას ამ თარიღის სწრაფად დასახელებისკენ მოუწოდა, ვინაიდან, მისი თქმით, ამას „პრინციპული მნიშვნელობა“ აქვს კამპანიის დაგეგმვის თვალსაზრისით.

კოალიცია ქართულმა ოცნებამ  ნაციონალური მოძრაობა საარჩევნო ადმინისტრაციის „დიკრედიტაციის", ასევე „მათთვის სასურველ დროს არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის მიზნით ცესკო-ზე ზეწოლის პირდაპირ" მცდელობაში დაადანაშაულა და „აბსურდი“ უწოდა უგულავას ბრალდებებს ხელისუფლების მხრიდან ცესკოზე ზეწოლის თაობაზე.

„სახელისუფლებო გუნდს რომ ცესკო-ზე ზეწოლის სურვილი და პოლიტიკური ნება ჰქონოდა, ამას მანამდე გააკეთებდა და მეორე ტურამდე არ მიიყვანდა საქმეს“, – ნათქვამია ქართული ოცნების მიერ 23 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.

„გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ არჩევნების მეორე ტურის გამართვის თარიღის მიუხედავად, „ქართულ ოცნებას“ ხალხის მხარდაჭერის იმედი აქვს“, – აცხადებს მმართველი კოალიცია, „ჩვენ გვჯერა, რომ ქართველი ხალხი არ დაუშვებს ქვეყანა წარსულში დააბრუნოს და „ნაციონალურ მოძრაობას“ თუნდაც მცირედი წარმატების ილუზია შეუქმნას“.