წინასწარი მონაცემებით, მშპ-ს ზრდამ მაისში 6.3% შეადგინა

„საქსტატის“ მიერ ორშაბათს გამოქვეყნებული მონაცემებით, მაისში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 6.3%–ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მას შემდეგ, რაც აპრილში ზრდამ 2.7%–ი შეადგინა.

2014 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკა 7.1%–ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, იტყობინება „საქსტატი“. მთავრობა 2014 წელს 5%–იან ზრდას პროგნოზირებს.

სარეიტინგო კომპანია Fitch Ratings-მა განაცხადა 30 ივნისს, რომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა „დადებითი გრძელვადიანი მოვლენა“ იქნება საქართველოს სუვერენული საკრედიტო პორტფელისთვის, მაგრამ „მას არ ექნება უშუალო ზეგავლენა ჩვენს სარეიტინგო შეფასებებზე, რომელიც ფოკუსირებულია საგარეო ფინანსების და ეკონომიკური ზრდის უფრო ახლო ვადიან პერსპექტივებზე“.  

Fitch–მა, რომელიც ელის, რომ 2014 წელს საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 5%–ით გაიზრდება, ხოლო 2015 წელს – 5.5%–ით, საქართველოს  მაისში “BB-” რეიტინგი მიანიჭა; საქართველოს შესახებ მომდევნო მიმოხილვას ის ოქტომბერში გეგმავს.