შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თბილისში მოლაპარაკებები გამართა
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა თბილისში 30 ივნისს საქართველოს ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები გამართა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებსაც შეხვდა.
ბილდტი, რომელიც თბილისში მოლდოვაში განხორციელებული ვიზიტის შემდეგ ჩამოვიდა, უკრაინასაც ეწვევა. მის ვიზიტამდე სამმა ქვეყანამ 27 ივნისს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომელიც ასევე მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას.
კარლ ბილდტი პრეზიდენტ მარგველაშვილს, პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრს მაია ფანჯიკიძეს შეხვდა.
ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ბოლო წლებში განხორციელებული „უამრავი სამუშაოს“ და „გამოწვევების“ შემდეგ, „ჩვენ იმ კონკრეტულ პუნქტამდე მივედით, როდესაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა ახალ და უფრო იმედისმომცემ და უფრო მნიშვნელოვან ეტაპზე გადადის“.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირთან ეს მოცულობითი შეთანხმება „მხოლოდ ქაღალდის ფურცელია“ და მთავარი ახლა მისი განხორციელებაა, რაც, მისი თქმით, კიდევ უფრო დააჩქარებს საქართველოს მოდერნიზაციას.
„იქნება საკითხები და იქნება გამოწვევები“, – განაცხადა ბილდტმა, „მაგრამ ეს ნამდვილად ხსნის მნიშვნელოვანი, უფრო მდიდარი, უფრო ფართო და ღრმა პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობის პერსპექტივებს მომდევნო წლებში“.
ბილდტი თავის პოლონელ კოლეგასთან, რადოსლავ შიკორსკისთან ერთად 2009 წელს დაწყებული ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ინიციატორი იყო.
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს „ადგილობრივი არჩევნების ჩატარება“ მიულოცა.
„იყო რაღაც საკითხები, მაგრამ მე მესმის, რომ მათ მოაგვარებენ“, – განაცხადა მან, „საქართველოში დემოკრატიის მზარდი ენერგიულობა და ხარისხი ყველა მიმართულებით, რა თქმა უნდა, ევროკავშირთან ურთიერთობების განვითარების ერთ–ერთი საფუძველია“.
შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტომ (SIDA) და საქართველომ 20 მაისს ხელი მოაწერეს ახალ შეთანხმებას 2014–2020 წლებში თანამშრომლობის განვითარების შესახებ. ეს არის რეფორმების სფეროში თანამშრომლობის შვედეთის ახალი სტრატეგიის ნაწილი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის, თურქეთისთვის და აღმოსავლეთ ევროპისთვის; 2014–2020 წლებში დახმარების მთლიანი ოდენობა 8 მლრდ შვედურ კრონას შეადგენს (დაახლოებით 1.2 მლრდ აშშ დოლარი), საიდანაც 4.2 მლრდ შვედური კრონა (დაახლოებით 638 მლნ აშშ დოლარი) აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნისთვის (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა) არის განკუთვნილი. თანამშრომლობის ახალი ხელშეკრულების პრიორიტეტული სფეროებია ის პროგრამები, რომლებიც ევროკავშირში ინტეგრაციას; დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა, კანონის უზენაესობის გაძლიერებას და გარემოს დაცვის საკითხებს უკავშირდება.