ნაციონალურმა მოძრაობამ საარჩევნო უწყებათაშორისი კომისია დატოვა
ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისია იმაში დაადანაშაულა, რომ მან ვერ შეძლო და არ ისურვა არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების მოგვარება და განაცხადა, რომ მისი წარმომადგენელი აღარ მიიღებს მონაწილეობას კომისიის შეხვედრებში.
კომისიის თავმჯდომარეა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და მის შემადგენლობაში პოლიტიკური პარტიების, სხვადასხვა სამინისტროების და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები შედიან; კომისიის ამოცანა საარჩევნო დარღვევებზე რეაგირება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებაა.
„უწყებათაშორისი კომისიის სხდომები სამართალდამცავი ორგანოების უკანონო ქმედებების გამართლების საშუალებად იქცა“, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა კომისიაში, ზურაბ ჭიაბერაშვილმა, რომელმაც კომისიის 1 ივლისის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ვეღარ მიიღებს იმ ფარსში მონაწილეობას, რასაც მინისტრ წულუკიანის თავმჯდომარეობით გამართული უწყებათშორისი კომისიის სხდომები ჰქვია“.
თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას წინააღმდეგ ახალი ბრალდებების წაყენება იმ საკითხებს შორის იყო, რომლებიც კომისიამ 1 ივლისის სხდომაზე განიხილა. ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის წინ უგულავას წინააღმდეგ ახალი ბრალდებების წაყენებით ხელისუფლებამ პრემიერ–მინისტრ ღარიბაშვილის მიერ არჩევნებში ჩართული პირების მიმართ სამართლებრივ დევნაზე გამოცხადებული მორატორიუმი დაარღვია.
მთავარი პროკურორის მოადგილემ ირაკლი შოთაძემ, რომელიც კომისიის 1 ივლისის სხდომას ესწრებოდა, განაცხადა, რომ სამართალდამცავ სტრუქტურებს უნდა ემოქმედათ, რადგანაც უგულავა ქვეყნის დატოვებას გეგმავდა. უგულავამ უკვე რამდენჯერმე დატოვა ქვეყანა და დაბრუნდა უკან მას შემდეგ, რაც მას 2013 წლის თებერვალში პირველად წაუყენეს ბრალი. თუმცა, მთავარი პროკურორის მოადგილემ ირაკლი შოთაძემ განაცხადა, რომ ამჯერად პროკურატურამ „ინფორმაცია მიიღო“, რომ უგულავა საქართველოში დაბრუნებას აღარ აპირებდა.
უგულავამ, რომელსაც ბრალი დაპატიმრების გარეშე წაუყენეს, განაცხადა, რომ ის „სამუშაო ვიზიტებს“ გეგმავდა ლონდონში, შემდეგ კი კიევში, სადაც დედაქალაქის მერს ვიტალი კლიჩკოს უნდა შეხვედრდა, რის შემდეგაც ის კიშინიოვში 3 ივლისს ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლებების კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის შეხვედრაში მიიღებდა მონაწილეობას.
ნაციონალურმა მოძრაობამ 30 ივნისს მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გამართა სახელწოდებით „ევროპაში – პოლიტიკური დევნის გარეშე“. აქციაზე გამოსვლისას უგულავამ განაცხადა, რომ მას ქვეყნის დატოვების განზრახვა არ ჰქონია.
უგულავამ განაცხადა, რომ მას ქვეყნიდან გაქცევას ყველაფერი ურჩევნია და ბოლომდე აპირებს ბრძოლას.
პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს უგულავასთვის პასპორტის ჩამორთმევის მოთხოვნით, რათა მან საზღვარგარეთ გამგზავრება ვერ შეძლოს.
პროკურატურა ასევე სთხოვს სასამართლოს, რომ უგულავას პრევენციული ზომის სახით 50 000 ლარიანი გირაო გადაახდევინოს მის წინააღმდეგ წაყენებულ ახალ ბრალდებებთან დაკავშირებით ბიუჯეტის კუთვნილი თანხების სავარაუდო გაფლანგვის საქმეზე.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 30 ივნისს განაცხადა, რომ დედაქალაქის მერად მუშაობის პერიოდში უგულავამ 2009 და 2011 წლებში თბილისში პარკირების მომსახურების გამწევ „სი-თი პარკს’’ „კანონთან შეუსაბამო ბრძანების“ საფუძველზე „არამართლზომიერი უპირატესობა“ მიანიჭა ჯარიმებიდან შემოსული თანხის გადანაწილების სქემაში დამატებითი შეღავათების დაწესებით, რითაც „კომპანიის სასარგებლოდ მთლიანობაში გაფლანგა სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა – 1 086 718 ლარის ოდენობით“.
ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა 1 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში, რომ უწყებათაშორისი კომისია შესაბამისად არ რეაგირებს კამპანიის დროს მომხდარ ძალადობრივ ინციდენტებზე, ასევე არჩევნებამდე და არჩევნების დღეს მომხდარ დარღვევებზე. უწყებათაშორისმა კომისიამ „ვერ შეძლო და არც ისურვა 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი არჩევნებისათვის თავისუფალი და სამართლიანი გარემოს უზრუნველყოფა“.
ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილების კომენტირებისას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიის მონაწილეობა კომისიის მუშაობაში ნაციონალური მოძრაობის ინტერესში უფროა, ვიდრე მის ინტერესში. „ამიტომ ჩვენთან მუშაობა უნდა გააგრძელონ და დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ნაციონალური მოძრაობა პიარ მიზნებისთვის იწვევს „აჟიოტაჟს“.
ნაციონალურმა მოძრაობამ კომისიაში მონაწილეობა შარშანაც შეწყვიტა დროებით 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, „სამართლიანმა არჩევნებმა“ და საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველომ, რომლებიც საარჩევნო პროცესს აკვირდებიან, აღნიშნეს 14 ივნისს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში, რომ უწყებათაშორისი კომისია არ აქცევდა ყურადღებას მისი არასავალდებულო რეკომენდაციების შესრულებას.
„მიუხედავად იმისა, რომ კომისიას მის მიერ გაცემული რეკომენდაციების აღსრულების უზრუნველყოფის არანაირი მექანიზმი არ აქვს, ზოგჯერ იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ კომისია სათანადოდ არ ინტერესდებოდა მის მიერ გაცემული რეკომენდაციების იმპლემენტაციით“, – განაცხადეს სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა. „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მუშაობა უფრო ეფექტური უნდა იყოს დარღვევების პრევენციისა და მათზე დროული რეაგირების თვალსაზრისით“.