საქართველო და უკრაინა ევროკავშირში ინტეგრაციის თაობაზე კონსულტაციებს იწყებენ

ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებების ხელმოწერის შემდეგ, საქართველომ  და უკრაინამ ევროპული ინტეგრაციის თაობაზე კონსულტაციები დაიწყეს, განაცხადეს ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა.

ამ კონსულტაციების ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილი 1 ივლისს კიევში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ნატალია გალიბარენკოს შეხვდა. 

„მხარეებმა ასოცირების შესახებ შეთანხმებების განხორციელების პრაქტიკული საკითხები განიხილეს, კერძოდ თავისუფალი ვაჭრობის სივრის, ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის, ევროკავშირთან საერთო უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის, ასევე ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის საკითხები“, – განაცხადა უკრაინის საგარეო უწყებამ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისი და კიევი შეთანხმდნენ „ევროინტეგრაციის დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელების პროცესში მჭიდრო თანამშრომლობასა და  გამოცდილების ურთიერთგაზიარებაზე. ამ კონტექსტში, ქართულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა გაუზიაროს საკუთარი გამოცდილება უკრაინას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, სასამართლო და იუსტიციის სფეროს რეფორმების კუთხით“.