სააკაშვილი უგულავას დაკავების შესახებ
ყოფილმა პრეზიდენტმა და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა თბილისის ყოფილი მერის და პარტიის ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას დაკავების შესახებ განაცხადა, რომ „ეს ყველაფერი ცუდად დაუმთავრდება იმათ, ვინც ამას აკეთებს“.
უგულავა დღეს გამთენიისას კიევში გამგზავრების წინ თბილისის აეროპორტში დააკავეს. სააკაშვილმა ამ ფაქტზე განცხადება 3 ივლისს თავის თანაპარტიელებთან, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებთან კიევში გამართული შეხვედრის დროს გააკეთა.
„თუ ვინმეს ჰგონია, რომ მისი ასეთი დაკავებით რაღაც პოლიტიკური პროცესი ჩაიშლება, არჩევნებში რაღაც გარდატეხა მოხდება, ხალხი დაშინდება და სხვანაირად მიიღებს გადაწყვეტილებებს, ან თუნდაც ერთ ადამიანზე ან გიგიზე ან ჩემზე ან ვიღაცაზე დგას ეს დიდი იდეა და დიდი მოძრაობა, მე ვფიქრობ ეს არის ძალიან მდარე და არასწორი აზროვნება“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, შეიძლება ადამიანები ერთმანეთს ანაცვლებდნენ, მაგრამ საქართველოს „წინსვლისა და განვითარების იდეას ვერანაირი მანიპულაციები ვერ შეაჩერებს“ და „ამაში ყველა დარწმუნდება ძალიან მალე“.
„ჩვენთვის ყველასთვის სავალალოდ, საქართველო გამოიყურება ცუდად და არა მხოლოდ საქართველოს მთავრობა. ასე არავინ თანამედროვე, ცივილიზებულ სამყაროში დიდი ხანია უკვე აღარ მოქმედებს“, – განაცხადა მან, „რა თქმა უნდა, კანონის ზემოთ არავინ არ დგას და არ ვიდგებით, მაგრამ პოლიტიკური პროცესის ჩანაცვლება პროკურატურის და სასამართლოს მანიპულაციებით, ყველგან არის ძალიან მოკლევადიანი და ყველგან მთავრდება ძალიან ცუდად“.
„და ჩვენ არ გჭირდება ახლა საქართველოში ექსცესები და არ გვჭირდება საქართველოში შემდგომი გართულებები, ისედაც ძალიან რთულ მდგომარეობაში იმყოფება ჩვენი ქვეყანა ბევრი ობიექტური და ძალიან სუბიექტური გარემოებების გამო“, – განაგრძო მან, „ეს ყველაფერი გაივლის და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ცუდად დაუმთავრდება იმათ, ვინც ამას აკეთებს, მაგრამ მე არ მინდა, რომ იმათ ცუდად დამთავრებას გადაყვეს ასევე ქვეყნის ინტერესები და ქვეყანას წაუვიდეს ცუდად საქმე“.
მან ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ „ვიყოთ ძალიან მშვიდები და ძალიან მობილიზებულები“.