სასამართლომ ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე მხარდამჭერი 100 ლარით დააჯარიმა
ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე მხარდამჭერი, რომლებიც პოლიციამ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გიგი უგულავასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შემდეგ მომხდარი დაპირისპირების დროს დააკავა, 100 ლარით დააჯარიმეს და გაუშვეს.
სასამართლომ ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში ცნო დამნაშავედ, რომელიც წვრილმანი ხულიგნობის მუხლს მოიცავს, თუმცა უარყო პოლიციის ბრალდებები, რომ ისინი არ დაემორჩილნენ სამართალდამცველებს.
პარასკევს ღამით სასამართლოს წინ მომხდარი დაპირისპირების დროს ასევე დააკავეს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი. დაკავებიდან, დაახლოებით, სამ საათში ის გაათავისუფლეს.
პარლამენტის წევრი იმუნიტეტით სარგებლობს და სამართალდამცავებს დეპუტატის დაკავების უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვთ, თუ მას სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის ფაქტზე იჭერენ. წვრილმანი ხულიგნობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ფარგლებში ექცევა და არა სისხლის სამართლის კოდექსის. პარლამენტმა ოფიციალურად გამოითხოვა ინფორმაცია შსს–სგან დეპუტატის დაკავების გარემოებების და მიზეზების თაობაზე, განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა გიორგი ცაგარეიშვილმა 5 ივლისს.
5 ივლისს გამართული სასამართლო მოსმენის დროს პოლიციელებმა უთხრეს მოსამართლეს, რომ ბეჟაშვილის დაკავების მომენტში მათ არ იცოდნენ, რომ ის დეპუტატი იყო.
ლევან ბეჟაშვილმა მოსამართლეს განუცხადა, რომ მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ ჩაუდენია; მისი თქმით, მართალია მან შეურაცხმყოფელი სიტყვები გამოიყენა მთავრობის წინააღმდეგ მისი აზრის გამოსახატად, მაგრამ მას არავისთვის პირადი შეურაცხყოფა არ მიუყენებია. ბეჟაშვილმა, რომლის საქმეც სასამართლომ დანარჩენი შვიდი დაკავებულისგან ცალკე განიხილა, ასევე განაცხადა, რომ მისი დაკავება პოლიციის მიერ უკანონო იყო და მას პარლამენტის წევრის წინააღმდეგ ჩადენილი „უპრეცედენტო ძალადობა“ უწოდა. მოსამართლემ მოსმენა 7 ივლისისთვის გადადო, როდესაც გადაწყვეტილება გამოცხადდება.
სასამართლოს წინ დაკავებულთა და 100 ლარით დაჯარიმებულთა შორის იყო ყოფილი დეპუტატი და საქართველოს ყოფილი ელჩი იტალიაში კოტე გაბაშვილი, რომელმაც უთხრა მოსამართლეს, რომ ის ემოციური იყო და ყვიროდა და იგინებოდა, მაგრამ მან უარყო, რომ ის არ დაემორჩილა პოლიციის ბრძანებებს.
უგულავას წინასწარი დაკავებასთან დაკავშირებით გამართული სასამართლო მოსმენის პარალელურად, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები და აქტივისტები 4 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს წინ აქციას მართავდნენ. ზოგიერთი მომიტინგე შეურაცხყოფას აყენებდა პროკურორებს, როდესაც ისინი სასამართლოს შენობას პოლიციის თანხლების ტოვებდნენ, რასაც შემდეგ პოლიციასთან შეხლა–შემოხლა მოყვა.