სააკაშვილის სამძიმარი ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების გამო
ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მეორე პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების გამო მის ოჯახს მიუსამძიმრა.
„ედუარდ შევარდნაძე იყო მნიშვნელოვანი მოღვაწე საბჭოთა იმპერიისა და პოსტ-საბჭოთა საქართველოსთვის, რომლის როლის უფრო ზუსტ შეფასებაზე ისტორიასა და ისტორიკოსებს კიდევ დიდხანს მოუწევთ მუშაობა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ს გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„2003 წელს, როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, საზოგადოებისა და პოლიტიკოსების ნაწილის დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად მის სისხლის სამართლებრივ დევნაზე კატეგორიული უარი ვთქვით, რადგან პატივი ვეცით პრეზიდენტის ინსტიტუტსა და ქვეყნის იმიჯს. უფრო მეტიც, ჩემი განკარგულებით მას შეუნარჩუნდა სახელმწიფო რეზიდენცია და პრეზიდენტის სხვა პრივილეგიები, ვფიქრობ, ეს სწორი იყო“, – აცხადებს სააკაშვილი.
„ამ აზრზე ვრჩები მას შემდეგაც კი, რაც თავად პრეზიდენტი შევარდნაძე პრესის საშუალებით მუდმივად მოუწოდებდა საქართველოს ახალ მთავრობას, რომელსაც აქტიურად უჭერდა მხარს, ჩემი და ჩემი მომხრეების დევნისა და დაპატიმრებისკენ“, – ნათქვამია მის სამძიმრის წერილში.