ცესკო: ამომრჩეველთა აქტივობამ 15.09% შეადგინა 12 საათისთვის
ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურზე ამომრჩეველთა აქტივობამ 15.09% შეადგინა 12 საათისთვის, განაცხადა ცესკომ.
15 ივნისის არჩევნებზე აქტივობა შუადღისთვის 16.65%-ს შეადგენდა.
ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იმ 8 ქალაქსა და 13 მუნიციპალიტეტში, სადაც მეორე ტურში მერებსა და გამგებლებს ირჩევენ, 1 715 514-ს შეადგენს.
თბილისში კენჭისყრის დაწყებიდან ოთხ საათის განმავლობაში უბნებზე 135 107 ამომრჩეველი მივიდა, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის 14.7%-ს შეადგენს და ორი პროცენტული პუნქტით აღემატება დედაქალაქში 15 ივნისის 12 საათისთვის დაფიქსირებულ მონაცემს – 12.8%-ს.
თბილისში ყველაზე აქტიური დიდუბის ამომრჩეველია (16/1%), ხოლო ისნის ოლქში აქტივობა ყველაზე დაბალია (13.1%).
10 საათის აქტივობის მონაცემების მსგავსად, დედაქალაქის გარეთ კვლავაც ყველაზე აქტიური ხონის ამომრჩეველია (28.4%), ხოლო პასიური – ბათუმის (10.7%).
დანარჩენ ოლქებში, სადაც ასევე იმართება მეორე ტური, აქტივობის მაჩვენებელი შემდეგია: ყვარელი – 14%; თელავი – 12.2%; ახმეტა – 18.6%; თიანეთი – 19.8%; რუსთავი – 16.1%; მცხეთა – 20.2 %; გორი – 13.9%; თერჯოლა – 21%; ბაღდათი – 18.9%; ტყიბული – 21.9%; ოზურგეთი – 24.5%; ლანჩხუთი – 24.1%; მარტვილი – 15%; ფოთი – 14.6%; ქობულეთი – 12%; ხულო – 14.8%.
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ, რომელიც ყველა ოლქში აკვირდება არჩევნებს, განაცხადა, რომ დილიდან ყველაზე სერიოზულ დარღვევას ხულოს 36-ე უბანზე ჰქონდა ადგილი ბიულეტენების ჩაყრის კუთხით, სადაც ორგანიზაციის ინფორმაციით, საუბნო კომისიის თავმჯდომარემ სამი ბიულეტენი ჩააგდო საარჩევნო ყუთში. ცესკომ განაცხადა, რომ ის ამ დარღვევას სწავლობს.
ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებისთვის გაკეთებულ კომენტარში პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ადგილობრივი არჩევნების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ამომრჩეველს მაღალი აქტივობისკენ მოუწოდა.
„დღეს საარჩევნო უბანში მისვლით ჩვენ ვემსახურებით არა პოლიტიკოსებს, არამედ ვემსახურებით ჩვენს სამშობლოს; ჩვენ არა პოლიტიკოსებისთვის ვაკეთებთ არჩევანს, არამედ ვქირაობთ პოლიტიკოსებს იმისათვის, რომ ჩვენ გვემსახურონ; შესაბამისად, მოგიწოდებთ ყველას მაქსიმალური აქტიურობისკენ“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა, რომელიც კოალიცია ქართული ოცნების ხელმძღვანელია, უთხრა ჟურნალისტებს ხმის მიცემის შემდეგ: „მნიშვნელობა არ აქვს ვინ გაიმარჯვებს ამ არჩევნებში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველგან ვლიდერობთ და ყველგან გავიმარჯვეთ. დღეს დასრულდება არჩევნები და ჩვენ საბოლოო შედეგებს გავიგებთ. მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს, რომ ჩვენმა ქვეყანამ გაიმარჯვოს. ეს არის ყველაზე მთავარი ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის“.
„რაც შეეხება ჩემს არჩევანს, რა თქმა უნდა, მე ხმა მივეცი ჩემი ქვეყნის განვითარებას, ჩვენი ხალხის განვითარებას, ჩვენი ხალხის მშვიდობას, სტაბილურობას და რაც მთავარია, მე მივეცი ხმა, რომ ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში დასრულდეს საბოტაჟი, კოჰაბიტაცია და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები – ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის. ჩვენ ყველა უნდა გავერთიანდეთ და ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და გაძლიერებისთვის. მთავარია აქტიურობა, მთავარია, რომ თითოეულმა მოქალაქემ გაიაზროს, რომ მათი თითოეული ხმა არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ უთხრა ჟურნალისტებს ხმის მიცემის შემდეგ, რომ საარჩევნო კამპანია შორს იყო იმისგან, რომ ყოფილიყო თავისუფალი და სამართლიანი და ამ თვალსაზრისით თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას დაპატიმრების ფაქტს გაუსვა ხაზი.
ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა ჟურნალისტებს: „მნიშვნელოვანი დღეა, ვინაიდან დემოკრატიული ფორმით ტარდება არჩევნების მეორე ტური. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი ჩაივლის ისე, როგორც ჩვენს დედაქალაქს, ჩვენს ქვეყანას, ხალხს ეკადრება და გაკეთდება ისეთი არჩევანი, რომ გამარჯვებული იზრუნებს დედაქალაქის განვითარებაზე, უკეთესი საცხოვრებელი გარემოსა და პირობების შექმნაზე“.