ცესკო: ამომრჩეველთა აქტივობამ 17 საათისთვის 28.29% შეადგინა
ამომრჩეველთა 28.29% მივიდა საარჩევნო უბნებზე 17 საათისთვის იმ ოლქებში, სადაც დღეს არჩევნების მეორე ტური ტარდება, იტყობინება ცესკო.
არჩევნების პირველ ტურში 15 ივნისს ამომრჩეველთა აქტივობამ 17 საათისთვის 34.64% შეადგინა.
თბილისში 486 281 ამომრჩეველი მივიდა საარჩევნო უბნებზე 17 საათისთვის, რაც დედაქალაქში რეგისტრირებული ამომრჩევლების 27.6%–ს შეადგენს.
ამომრჩეველთა აქტივობამ თბილისში პირველი ტურის დროს 17 საათისთვის 29.3% შეადგინა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, რომელიც საარჩევნო პროცესს აკვირდება, განაცხადა, რომ ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა იმ შენობის მახლობლად, სადაც კრწანისის რაიონის სამი საარჩევნო უბანია განთავსებული. საიას ინფორმაციით, თბილისის ნაძალადევის რაიონში მდებარე შენობასთან, სადაც ასევე სამი საარჩევნო უბანია განთავსებული, ხანმოკლე ჩხუბს ჰქონდა ადგილი ამ ორი პარტიის აქტივისტებს შორის. ინციდენტი ასევე მოხდა რუსთავში 79–ე საარჩევნო უბნის წინ, სადაც ნაციონალურ მოძრაობასთან ასოცირებული ჯგუფის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მას საარჩევნო უბნის წინ მობილიზებულმა ქართული ოცნების აქტივისტებმა არ მისცეს საშუალება, რომ ვიდეოკამერით გადაეღო. საიამ სამართალდამცავებს ამ ინციდენტენზე სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდა. საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ამ ინციდენტებს საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი არ შეუფერხებია.
ნაციონალურმა მოძრაობამ ქართული ოცნების აქტივისტები ძალადობაში, ხოლო პოლიცია ამ ინციდენტებზე რეაგირების დროს ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების წინააღმდეგ მიკერძოებაში დაადადანაშაულა. ქართულმა ოცნებამ ოპოზიციური პარტია საარჩევნო პროცესში „არეულობის შეტანაში“ დაადანაშაულა არჩევნების „დისკრედიტაციის“ და ნაციონალური მოძრაობის „გარდაუვალი მარცხიდან“ ყურადღების გადატანის მიზნით. ცესკომ მხარეებს მოუწოდა, რომ ხელი შეუწყონ საარჩევნო უბნებთან მშვიდი ვითარების შენარჩუნებას.
სულ 1 715 514 ამომრჩეველია დარეგისტრირებული იმ 1 525 საარჩევნო უბანზე, სადაც არჩევნების მეორე ტური იმართება.