პრეზიდენტის განცხადება ადგილობრივ არჩევნებზე
პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვებულებს მიულოცა და განაცხადა, რომ 15 ივნისის ადგილობრივი არჩევნები და 12 ივლისის მეორე ტურები საქართველოსთვის „ისტორიული მომენტია“.
"ეს არის ისტორიული მომენტი, რომლიდანაც საქართველოში რეალურად იწყება პოლიტიკური კულტურისა და თვითმმართველობის განვითარება“, – ნათქვამია პრეზიდენტ მარგველაშვილის განცხადებაში, რომელიც მან შაბათს შუაღამემდე გაავრცელა, „ამ არჩევნებით ჩვენმა საზოგადოებამ კიდევ ერთი დამაჯერებელი ნაბიჯი გადადგა ქვეყანაში დემოკრატიის კონსოლიდაციისკენ და ისე, როგორც არასდროს, მიუახლოვდა თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს“.
„მინდა გამარჯვება მივულოცო დედაქალაქის ახალ მერს, ბატონ დავით ნარმანიას. ასევე ვულოცავ გამარჯვებას თითოეული ქალაქისა თუ სოფლის რჩეულს“, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
„ამ გამარჯვებით დასრულდა არჩევნები და იწყება უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი ეტაპი: ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის ყოველდღიური თავდადებული შრომის პროცესი. ამ სირთულეებით აღსავსე გზაზე მინდა წარმატება ვუსურვო თითოეულ მათგანს“.
„საზოგადოებას, რომელმაც მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში მაღალი შეგნება და სამოქალაქო კულტურა გამოავლინა, ვუსურვებ არჩევნების საბოლოო შედეგების გამართლებასა და შემდგომ წინსვლას ერთიანობის, მშვიდობისა და კეთილდღეობისაკენ“, – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)