შევარდნაძე კრწანისის რეზიდენციის ეზოში დაკრძალეს
საქართველოს მეორე პრეზიდენტი და საბჭოთა კავშირის ბოლო საგარეო საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე, რომელიც 7 ივლისს 86 წლის ასაკში გარდაიცვალა, კრწანისის რეზიდენციის ეზოში დაკრძალეს მას შემდეგ, რაც მისი დაკრძალვის სამგლოვიარო ცერემონია პირდაპირი ეთერით გადაიცა.
სამების საკათედრო ტაძარში გამართულ სამგლოვიარო ცერემონიას დაახლოებით 30 ქვეყნიდან მაღალი რანგის უცხოელი წარმომადგენლები, საქართველოს ხელმძღვანელობა, მინისტრები და შევარდნაძის ოჯახის წევრები დაესწრნენ.
ტაძრიდან მისი ცხედარი, რომელსაც ქართული დროშა ჰქონდა გადაფარებული, შავ ჩოხებში ჩაცმულმა მამაკაცებმა გამოასვენეს; ედუარდ შევარდნაძე კრწანისის რეზიდენციის ეზოში დაკრძალეს თავისი მეუღლის გვერდით.
შევარდნაძე კრწანისის რეზიდენციაში ცხოვრობდა 2003 წლის ვარდების რევოლუციის შედეგად გადადგომის შემდეგ.
„ედუარდ შევარდნაძე მაშინაც კი, როცა ის მარცხებოდა, გამარჯვებული იყო. ამ გაგებით, ქვეყნის პრეზიდენტობიდან გადადგომა მისი ცხოვრების ყველაზე დიდი გამარჯვება იყო. ეს ისტორიაზე გამარჯვებას უდრიდა“, – განაცხადა მისმა შვილმა პაატა შევარდნაძემ სამების საკათედრო ტაძარში გამართული სამგლოვიარო ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
სამგლოვიარო ცერემინიას ასევე ესწრებოდნენ აშშ–ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი და შევარდნაძის დასავლელ გერმანელი კოლეგა 80–იანი წლების ბოლოს დიტრიხ გენშერი.
„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ ღვთის სახლში, რათა ჩვენი პატივისცემა და აღტაცება გამოვხატოთ იმ ადამიანის მიმართ, რომელიც თავისი ქვეყნის, ევროპის და რასაკვირველია, მსოფლიოს ფორმირებას დაეხმარა“, – განაცხადა ბეიკერმა ცერემონიაზე, „მსოფლიოს სჭირდება შევარდნაძისნაირი ლიდერები“.
გენშერმა განაცხადა, რომ შევარდნაძემ „აჩვენა მაგალითი, თუ როგორ უნდა შეიცვალოს მსოფლიო უკეთესობისკენ“.
„ძვირფასო მეგობარო, მადლობა იმისათვის, რაც გაუკეთეთ ევროპას და რაც გააკეთეთ ჩვენი ხალხისთვის“, – განაცხადა გერმანიის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა ცერემონიაზე, რომ შევარდნაძე საქართველოს პროდასავლური კურსის ფორმირებას დაეხმარა და მან 2002 წლის ნატოს პრაღის სამიტი გაიხსენა, როდესაც შევარდნაძემ, მაშინდელმა საქართველოს პრეზიდენტმა, ოფიციალურად განაცხადა საქართველოს ალიანსში გაწევრიანების სურვილის თაობაზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უცხოელ სტუმრებს შორის ასევე იყვნენ ავსტრიის იუსტიციის მინისტრი, აზერბაიჯანის და სომხეთის პარლამენტების თავმჯდომარეები, თურქეთის შრომის და სოციალური უსაფრთხოების მინისტრი, ბელარუსის სოფლის მეურნეობის მინისტრი.