თბილისის საკრებულომ პირველ სხდომაზე თავმჯდომარე აირჩია

თბილისის ახლადარჩეულმა საკრებულომ 14 ივლისს პირველ სხდომაზე თავმჯდომარედ ქართული ოცნების სიის მესამე ნომერი, ფილოლოგი გიორგი ალიბეგაშვილი აირჩია.

55 წლის პროფესორი ალიბეგაშვილი, რომელიც 80-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული ძირითადად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ასევე სხვადასხვა საჯარო სკოლებში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას, 1994-95 წლებში თბილისის მერიის განათლების სამმართველოს უფროსი იყო, 2009 წლიდან დღემდე კი მუშაობდა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ფილოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელად.

მის არჩევას ახალი მოწვევის საკრებულოს 37-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო წინააღმდეგ ნაციონალური მოძრაობის 7 დეპუტატი და დამოუკიდებელი მაჟორიტარი ალეკო ელისაშვილი წავიდა.

„საკრებულოს ერთ-ერთი პირველი ამოცანა თქვენთან ერთად იქნება საზოგადოების კონსოლიდაცია და მაქსიმალურად სიმპათიური რომ გახდეს ქალაქის საკრებულო საზოგადოების თვალში. გამოწვევა ბევრია. არ იარსებებს მცირე და დიდი პრობლემა. ყველა პრობლემა იქნება ერთიანად მოსაგვარებელი“, – განუცხადა კოლეგებს არჩევის შემდეგ გიორგი ალიბეგაშვილმა საკრებულოს სხდომაზე და ოპოზიციურ ჯგუფებთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.  

მისი მოადგილის პოსტი ასევე ქართული ოცნების დეპუტატმა გიორგი ტყემალაძემ დაიკავა, რომელსაც წინა მოწვევის საკრებულოშიც ეს თანამდებობა ეკავა.  

დედაქალაქის 50-წევრიან საკრებულოში, სადაც 15 ივნისის არჩევნების შედეგად ოთხმა პოლიტიკურმა სუბიექტმა გადალახა 4%-იანი ბარიერი, ქართულმა ოცნებამ მანდატების ორ მესამედზე მეტი მოიპოვა  გაიყვანა რა 37 დეპუტატი – 13 პარტიული სიით და 24 მაჟორიტარი.

ნაციონალურ მოძრაობას საკრებულოში 7 დეპუტატი, ნინო ბურჯანაძის ოპოზიციურ კოალიციას  – 3 დეპუტატი, ხოლო საქართველოს პატრიოტთა ალიანსს 2 დეპუტატი ჰყავს.

25 მაჟორიტარული ოლქიდან მხოლოდ ერთში დამარცხდა ქართული ოცნება, სადაც მაჟორიტარის მანდატი დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ჟურნალისტმა ალეკო ელისაშვილმა მოიგო.

ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რამდენი ფრაქცია შეიქმნება საკრებულოში, რისთვისაც სამი დეპუტატის ერთობაა საჭირო.

ქვეყნის მასშტაბით არჩეული 71 საკრებულოდან, რომლებშიც ქართულმა ოცნებამ ადგილების უმრავლესობა მოიპოვა, 63-ში ახალი მოწვევის შემადგენლობის პირველი სხდომები 14 ივლისს იმართება. დანარჩენი რვა საკრებულოს (თელავის, მცხეთის, გორის და ოზურგეთის საქალაქო და მუნიციპალური საკრებულოების )პირველი შეკრება კი ცესკომ  2 აგვისტოსთვის დანიშნა.   

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)