პრემიერ–მინისტრი ადგილობრივი არჩევნების ‘წარმატებით დასრულების’ შესახებ
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები „წარმატებით დასრულდა“, რაც „ძალიან მნიშვნელოვანია“ საქართველოსთვის და მისი განვითარებისთვის.
„როგორც ჩვენ ვამბობდით არჩევნებამდე, ჩვენ ყველა ქალაქში, რაიონში, სოფელში მოვიგებდით და ასეც არის. ჩვენ ყველგან მოვიგეთ დამაჯერებლად და სიმბოლურია, რომ გუშინ დაემთხვა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის ასეთი დაგვირგვინება – მე ერთგულად ვგულშემატკივრობდი გერმანიას თავიდანვე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა 14 ივლისს გამოეხმაურა რა გერმანიის ნაკრების გამარჯვებას ბრაზილიაში ჩატარებული მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალში.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი ოფიციალური შედეგების თანახმად, კოალიცია ქართული ოცნების კანდიდატებმა 21-ვე ტერიტორიულ ერთეულში მოიპოვეს გამარჯვება, სადაც მერების და გამგებლების ასარჩევად 12 ივლისს მეორე ტურები გაიმართა. დანარჩენ 46 მუნიციპალიტეტსა და 4 თვითმმართველ ქალაქში ქართული ოცნების გამგებლობისა და მერობის კანდიდატებმა 15 ივნისს გამართულ პირველივე ტურში გაიმარჯვეს.
ქვეყნის მასშტაბით არჩეული 71 საკრებულოდან, ქართულ ოცნებას 66 საკრებულოში ნახევარზე მეტი ადგილები აქვს. ხონის და აბაშის საკრებულოებში ქართულ ოცნებას ორი ადგილი დააკლდა უმრავლების მისაღებად. ჩხოროწყუში მმართველ კოალიციას სამი ადგილი აკლია უმრავლესობის მისაღებად. ყვარლის საკრებულოში ქართულ ოცნებას ადგილების ნახევარი აქვს. ქალაქ ოზურგეთის 15–წევრიან საკრებულოში ქართულ ოცნებას მხოლოდ 5 ადგილი აქვს; იქ ოთხი მანდატი დამოუკიდებელმა მაჟორიტარებმა მოიპოვეს, ხოლო 2 მანდატი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა; ნაციონალურ მოძრაობას, ბურჯანაძის კოალიციას, ლეიბორისტულ პარტიას და საქართველოს გზას თითო-თითო მანდატი აქვთ.