ცესკო მეუფე იაკობის წერილობით განცხადებას შეისწავლის
მეუფე იაკობმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თხოვნა დააკმაყოფილა და წერილობითი განცხადება წარუდგინა იმ პრეტენზიებთან დაკავშირებით, რომელიც ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის წინ საკვირაო ქადაგებისას მის მიერ საარჩევნო აგიტაციის წესების სავარაუდო დარღვევას ეხება.
ცესკოში 15 ივლისს განაცხადეს, რომ მეუფის წერილობითი განმარტება ჯერ არ განუხილავთ და მათ ამ საკითხის შესასწავლად დაახლოებით ერთი თვის ვადა აქვთ.
მეუფე იაკობმა 6 ივლისს სამების საკათედრო ტაძარში ქადაგების დროს ნაციონალური მოძრაობა გააკრიტიკა, ამომრჩეველებს ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისკენ მოუწოდა, რათა „უარი უთხრან“ იმ ადამიანებს, რომლებიც „არ ინანიებენ, რაც გაუკეთეს ქვეყანას“. ეს „აგიტაციის ნიშნების შემცველი პოლიტიკური მოწოდებები“ სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა საარჩევნო კოდექსის დარღვევად შეაფასეს, ვინაიდან კანონი რელიგიური ორგანიზაციებს აგიტაციას უკრძალავს და ცესკოს 8 ივლისს რეაგირებისკენ მოუწოდეს. ცესკომ ამ საკითხის ადმინისტრაციული წარმოება 9 ივლისს დაიწყო.