ქართველმა სამხედროებმა ჰელმანდის პროვინციაში ISAF-ის მისია დაასრულეს



ქართველმა სამხედროებმა ჰელმანდის პროვინციაში ბაზა „ლეზერნეკზე“ სახელმწიფო დროშის დაშვების ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა, 15 ივლისი, 2014 წელი. აშშ–ის საზღვაო ქვეითი ძალების ფოტო/DVIDS

ქართველმა სამხედროებმა ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში ISAF–ის საერთაშორისო მისიაში ოთხწლიანი სამსახური 15 ივლისს  სამხედრო ბაზა „ლეზერნეკზე“ სახელმწიფო დროშის დაშვებით დაასრულეს.

23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონი, რომელიც ჰელმანდის პროვინციაში ოთხი თვის წინ განთავსდა, ბოლო ქართული კონტინგენტი იყო, რომელმაც ავღანეთის ამ პროვინციაში იმსახურა რეგიონალური სარდლობა სამხრეთ-დასავლეთის ფარგლებში. დაახლოებით 50 ქართველი სამხედრო კვლავ აგრძელებს სამსახურს ქაბულში, ხოლო ქართველი ჯარისკაცების ერთი შენაერთი ყანდაღარშია განთავსებული. საქართველომ პირობა დადო, რომ ერთ ბატალიონს ავღანეთში 2014 წლის შემდგომ მისიაშიც გააგზავნის.

საქართველომ პირველად თავისი სამხედროები ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობისთვის 2004 წელს გაგზავნა. მაშინ 50 ჯარისკაცი ხანმოკლე ვადით მსახურობდა გერმანული სარდლობის ქვეშ, ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.

2009 წლის ნოემბერში საქართველომ დაახლეობით 170 სამხედრო განათავსა ქაბულში ფრანგული სარდლობის ქვეშ, ხოლო მომდევნო წელს ავღანეთში სამხედროების რაოდენობა გაზარდა და ჰელმანდის პროვინციაში ქვეითთა ბატალიონი განათავსა. კიდევ ერთი ბატალიონი ჰელმანდის პროვინციაში საქართველომ 2012 წლის შემოდგომაზე გაგზავნა. 2014 წლის ივნისის მდგომარეობით, ავღანეთში 805 ქართველი სამხედრო მსახურობდა. თუმცა მანამდე საქართველოს 1 600-იანი კონტიგენტი ჰყავდა ავღანეთში და ნატოს უმსხვილესი არაწევრი სახელმწიფო იყო, რომელსაც კოალიციის ძალებში წვლილი შეჰქონდა.

ISAF–ის მისიას სულ 29 ქართველი სამხედრო ემსხვერპლა – ყველა მათგანი ჰელმანდის პროვინციაში მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა.

მისიის შესრულებისას 435 ქართველი სამხედრო დაიჭრა, მათგან 35–მა კიდურები დაკარგა, იტყობინება ISAF–ი.

წელს ქართველი სამხედროები მე–13 როტაციის შედეგად განთავსდნენ ჰელმანდის პროვინციაში რეგიონალური სარდლობა სამხრეთ-დასავლეთის ფარგლებში. მისიის დაწყების შემდეგ ავღანეთში ჯამში 11 000–ზე მეტმა ქართველმა სამხედრომ იმსახურა, იტყობინება ISAF–ი.

„მართალია დღევანდელი ცერემონია აღნიშნავს თქვენი მონაწილეობის დასრულებას რეგიონალური სარდლობა სამხრეთ-დასავლეთის ფარგლებში, მაგრამ ამით არ სრულდება თქვენი ერთგულება მისიის მიმართ აქ ავღანეთში“, – განუცხადა რეგიონალური სარდლობა სამხრეთ-დასავლეთის ბრიგადის გენერალმა დანიელ იომ ქართულ კონტიგენტს 15 ივლისს გამართულ ცერემონიაზე, „ძალიან კარგი პარტნიორები იყავით და თქვენი საქმიანობა პროფესიონალიზმისა და ერთგულების გამოხატულება იყო. სიტყვები არ მყოფნის მადლობის სათქმელად. სახლში გასამგზავრებლად მომზადებასთან ერთად, შეგიძლიათ იამაყოთ თქვენი მიღწევებით“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)