პრემიერ-მინისტრი სამთავრობო ცვლილებებს ახორციელებს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 21 ივლისს განაცხადა, რომ მინისტრთა კაბინეტში სამთავრობო ცვლილებებს ახორციელებს, რომელიც შვიდ მინისტრს შეეხება, საიდანაც ორი თანამდებობას შეიცვლის, ხოლო ხუთი საერთოდ დატოვებს კაბინეტს.
სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრი სოზარ სუბარი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრად დასახელდა და ამ პოსტზე დავით დარახველიძეს შეცვლის.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს ხათუნა გოგალაძეს შეცვლის.
სხვა მინისტრები, რომლებმაც თანამდებობები დატოვეს, არიან: სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია; კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია; სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში კონსტანტინე სურგულაძე.
პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ამ მინისტრების შემცვლელთა კანდიდატურებს სამშაბათს ან ოთხშაბათს დაასახელებს.
ამ ცვლილებებს მოყვება განახლებული კაბინეტისთვის პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადება. კონსტიტუციის თანახმად, მთავრობის შემადგენლობა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ერთი კვირის ვადაში უნდა წარუდგინოს პარლამენტს ნდობის მისაღებად; პარლამენტმა სამთავრობო ცვლილებები და მისი პროგრამა შვიდი დღის განმავლობაში უნდა განიხილოს და კენჭი უყაროს.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ამ ცვლილებების მიზანია „მთავრობის საქმიანობის ეფექტიანობა კიდევ მეტად გაიზარდოს“.
მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ორივე ტურმა აჩვენა, რომ კოალიცია ქართულ ოცნებას აქვს საქართველოს მოსახლეობის „სრული ნდობა“.
„ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპები გადავლახეთ – ჩვენ გვქონდა საპარლამენტო არჩევნები, ჩვენ გვქონდა ძალიან წარმატებული საპრეზიდენტო არჩევნები, ჩვენ გვქონდა უმნიშვნელოვანესი ხელმოწერა ევროკავშირთან [ასოცირების შეთანხმების], სულ ახლახანს დავასრულეთ ადგილობრივი არჩევნები, ამიტომ ახლა არის საჭირო სხვა ტემპებით მუშაობა, გაორმაგებული ენერგიით მუშაობა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა, „ამიტომ მე მიმაჩნია, რომ სრულიად ლოგიკურია და საჭიროც იყო ეს განახლება და შეიძლება ეს მომავალშიც მოხდეს“.
„იმისათვის, რომ შევასრულოთ ყველა დანაპირები, რომელიც კოალიცია ქართულმა ოცნებამ ქართველ ხალხს მისცა და სრულყოფილად შევასრულოთ დასახული ამოცანები, ამას სჭირდება გაორმაგებული ენერგია, გაორმაგებული მოტივაცია, მეტი მონდომება და მეტი ეფექტურობა“, – განაცხადა მან.
„ამიტომ მე მიმაჩნია, რომ ჩვენ სხვა რეჟიმში უნდა გადავიდეთ, სხვა ტემპებია საჭირო, სხვა გამოწვევების წინაშე ვდგავართ“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.