პრემიერ-მინისტრმა კულტურის მინისტრად მიხეილ გიორგაძე დაასახელა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პოსტზე მიხეილ გიორგაძის კანდიდატურა წარადგინა, რომელიც პრემიერის პრესსამსახურის განცხადებით, „აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას, რაც დღეს კულტურის ახალი პოლიტიკისთვის არის საჭირო“.
პროფესიით ეკონომისტი, მიხეილ გიორგაძე კომპანია "ისტერნ პრომოუშენის“ გენერალური მენეჯერია, არის თბილისის საკონცერტო დარბაზის დირექტორთა საბჭოს წევრი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური პროდიუსერი, ლონდონის ,,BPR Production“-ის ხელოვნების მენეჯმენტის პროგრამის კონსულტანტი და საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ეკონომიკის დეპარტამენტის მრჩეველი.
"პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ სულ მალე ბატონი მიხეილ გიორგაძე გახდება გუნდის წევრი. პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ მიხეილ გიორგაძე დაძლევს იმ პრობლემებს, რომლებიც დღეს სამინისტროს წინაშე დგას და გაამართლებს ჩვენი საზოგადოების მოლოდინს", "- ნათქვამია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ 23 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში, რომლის თანახმადაც, სამთავრობო გუნდის ხედვა მდგომარეობს იმაში, რომ "კულტურის განვითარებას ახლებური, თანამედროვე, რეფორმატორული მიდგომა სჭირდება".
მიხეილ გიორგაძემ ტელეკომპანია „იმედს“ სატელეფონო ჩართვისას განუცხადა, რომ ის სამინისტროში თავისი „გუნდით“ გეგმავს მისვლას.
„ვთვლი, რომ ბევრად უფრო აქტიური როლი უნდა დაიკავოს კულტურის სამინისტრომ. აქამდე, მე ვფიქრობ, საკმაოდ პასიური იყო. თვითონ ინიციატივის მატარებელი უნდა გახდეს კულტურის სამინისტრო, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო არენაზე“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ უფრო კონკრეტულად გეგმების შესახებ ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს იტყვის.
გურამ ოდიშარიას შემცვლელი ის ერთადერთი კანდიდატურა იყო, რომლის შესარჩევად კონსულტაციები ყველაზე დიდხანს გაგრძელდა. დანარჩენი ექვსი ნომინანტის ვინაობა 22 და 21 ივლისს გახდა ცნობილი, როცა პრემიერ-მინისტრმა სამთავრობო ცვლილებები გამოაცხადა, რომელიც სულ შვიდი უწყების ხელმძღვანელს შეეხო, საიდანაც ორმა თანამდებობა შეიცვალა, ხოლო ხუთმა დაკარგა ადგილები მინისტრთა კაბინეტში.
მთავრობის შემადგენლობა პრეზიდენტს გადაეგზავნება, რომელიც მას პარლამენტს წარუდგენს ნდობის მისაღებად.