ღარიბაშვილი მინისტრებს: ‘იყავით უფრო გაბედულები, რისკიანი, დროულად მიიღეთ გადაწყვეტილებები’
პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა ბევრად უფრო ეფექტური უნდა იყოს და სურს, რომ მისი კაბინეტის მინისტრები „უფრო გაბედულები“, „უფრო რისკიანები“ იყვნენ, დროულად მიიღონ გადაწყვეტილებები და არ დაელოდონ მის მითითებებს „ყველა წვრილმანზე“.
„მე ამ გადაწყვეტილებაზე დიდი ხანია ვფიქრობდი“, – განაცხადა მან ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „პოლიტიკის დრო“ 23 ივლისს, როდესაც მას მთავრობაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებზე ჰკითხეს, რის შედეგადაც ორი მინისტრი სხვა სამინისტროებს უხელმძღვანელებს, ხოლო ხუთი მინისტრი თანამდებობიდან იქნა გადაყენებული.
„მანამდე მე საკმაოდ აქტიურად ვაკვირდებოდი მინისტრების მუშაობას, მათ დამოუკიდებლობას, თუ რამდენად ეფექტურად მუშაობდნენ ისინი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა, „ყველა მინისტრს ჰქონდა და აქვს სრული თავისუფლება, რომ სრულად წარმოეჩინა საკუთარი თავი და მოეხდინა საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზება. აღმოჩნდა, რომ ეს მინისტრები, რომლებიც არ დარჩებიან მინისტრთა კაბინეტში, არ აღმოჩნდნენ ისეთივე ეფექტურები, როგორიც სხვები არიან და მე გადაწყვიტე, რომ საჭირო იყო მათი ჩანაცვლება უკეთესით… უფრო ენერგიულებით და მოტივირებულებით“.
„ხშირ შემთხვევაში მინისტრები იყვნენ დამოკიდებული მხოლოდ პრემიერ–მინისტრზე ან წინა შემთხვევაში [სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში] პრეზიდენტზე და ყოველთვის მის დავალებებს ელოდებოდნენ. ასე არის სამწუხაროდ ჩემს შემთხვევაშიც. ისინი ყოველ წვრილმანზე ელოდებოდნენ [მითითებებს ზემოდან]… დროულად გადაწყვეტილების მიღება განსაზღვრავს ამა თუ იმ უწყების ეფექტურობას“, – განაცხადა მან.
„მე ამაზე ყოველთვის ვსაყვედურობ მინისტრებს, რომ მათ დროულად მიიღონ გადაწყვეტილებები, იყვნენ უფრო გაბედულები, უფრო რისკიანები, ვინაიდან ჩვენი მთავარი ამოცანა და მოტივაცია არის ის, რომ ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას გავუკეთოთ მეტი. და ჩვენ არ გვაქვს დრო, რომ ძალიან ბევრი ვიფიქროთ. მე არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება შეცდომები დავუშვათ; შეცდომებს ვუშვებთ ყველანი, მათ შორის მეც, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენ ვართ გულწრფელები და როდესაც ადამიანს აქვს რწმენა, რომ ის სწორ საქმეს აკეთებს საკუთარი ხალხისთვის, საკუთარი ქვეყნისთვის, ეს შეცდომაც ძალიან მარტივად იქნება გამოსწორებადი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, პრობლემა ასევე იმაში მდგომარეობს, რომ „გარკვეულ მინისტრებს არ ჰქონდათ საკუთარი სამინისტროების განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიული ხედვა“.
პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ ეს ცვლილებები „ჯანსაღი პროცესია“, რომელიც მოტივაციას გაუზრდის სხვა მინისტრებს, რომელთაც ამ ეტაპზე პოსტები შეინარჩუნეს.
ღარიბაშვილმა ასევე განაცხადა იმავე გადაცემაში, რომ ის ყოფილ პრემიერ–მინისტრ ივანიშვილს საჭიროების შემთხვევაში „სტრატეგიულ საკითხებზე“ რჩევისთვის მიმართავს. თუმცა მან უარყო, რომ ივანიშვილი „აქტიურადაა“ ჩართული პოლიტიკაში ან მთავრობის საქმეებში.
„მე ბატონ ბიძინასთან მქონდა ურთიერთობა ათი წლის განმავლობაში და ადამიანი, რომელმაც ჩემს განვითარებაზე, ჩემს ჩამოყალიბებაზე, მე არ ვერიდები ამ სიტყვების თქმას, ძალიან დიდი გავლენა იქონია, მე, რა თქმა უნდა, მაქვს მასთან კომუნიკაცია და ასევე არ ვერიდები იმის თქმას, რომ როცა საჭიროდ მიმაჩნია, ვეკითხები რჩევას ან აზრს ამა თუ იმ მნიშვნელოვან სტრატეგიულ საკითხზე და ამაში უჩვეულო არაფერი არ არის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მან განაცხადა, რომ „დიდი კომფორტია“, როდესაც არსებობს ივანიშვილისნაირი ადამიანი, რომელსაც რჩევისთვის შეიძლება მიმართო.
„მე აზრს ვეკითხები მთავრობის წევრებს, ჩემი გუნდის წევრებს იმიტომ, რომ მინდა, რომ ნაკლები შეცდომები დავუშვა და ის, რომ მე ბატონ ბიძინას რჩევას ვეკითხები, არის ძალიან ჩვეულებრივი პროცესი… ჩვენ ვნახეთ, რა ხდებოდა მაშინ, როცა ადამიანი ერთპიროვნულად იღებდა გადაწყვეტილებებს, მე ვგულისხმობ სააკაშვილს – მან კატასტროფამდე მიიყვანა ქვეყანა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.