ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს სტუმრობს

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჰიუ ბეილი 25 ივლისს თბილისში საქართველოს ხელმძღვანელობასთან მართავს შეხვედრებს.

ჰიუ ბეილი, ბრიტანელი პარლამენტარი, რომელიც თბილისში მოლდოვაში განხორციელებული ვიზიტის შემდეგ ჩამოვიდა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს და სხვა დეპუტატებს, ასევე პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა; იგი ასევე შეხვდება პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ მაისის ბოლოს მიღებულ შესასრულებლად არასავალდებულო დეკლარაციაში მოუწოდა ალიანსის წევრ სახელმწიფოებს უელსის სექტემბრის სამიტზე საქართველოს ნატოსთან დაახლოება მისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭების გზით „განიხილონ“. თუმცა ივნისში გამართულ შეხვედრაზე ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა გადაწყვიტეს, რომ ნატოს მომავალი სამიტის დღის წესრიგში საქართველოსთვის MAP–ის მინიჭების საკითხი არ შევა და სანაცვლოდ ისინი შეთანხმდნენ, რომ საქართველოს „არსებითი პაკეტი" შესთავაზონ, რომელიც ქვეყანას ალიანსთან შემდგომ დაახლოებაში დაეხმარება.

„ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა შემოგთავაზეს პროცესი, რომელიც კიდევ უფრო გააფართოვებს ურთიერთობას და თანამშრომლობას თქვენს ქვეყანას, საქართველოს და ნატოს შორის. ეს არ უნდა იყოს მხოლოდ სიტყვები. ეს უნდა იყოს პრაქტიკული თანამშრომლობის პროგრამა, რომელიც გააძლიერებს საქართველოს უსაფრთხოებას და შემდგომი ნაბიჯების გადადგმაში დაგეხმარებათ ნატოს წევრობისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენ, როგორც საპარლამენტო ასამბლეა, თქვენს გვერდით ვდგავართ ამ მისწრაფებაში“, – განაცხადა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ჰიუ ბეილიმ.

მან ასევე განაცხადა, რომ საქართველო „ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელიც ნატოს ჰყავს“.

„თქვენ უფრო მეტი წვლილი შეგაქვთ ნატოს სამშვიდობო ოპერაციებში მსოფლიოს სხვა ნაწილებში, ვიდრე რომელიმე სხვა პარტნიორს. მე თბილად მივესალმები ევროკავშირთან თქვენს შეთანხმებას ასოცირების შესახებ. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ევრო–ატლანტიკურ მისწრაფებებში“, – განაცხადა ბეილიმ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა შეხვედრის შემდეგ: „გვაქვს ურთიერთგაგება იმაში, რომ ამ სამიტზე უნდა იქნეს მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომელიც გააძლიერებს საქართველოს უსაფრთხოებას და რომელიც გააძლიერებს ნატოს პოზიციებს, როგორც მშვიდობისა და სტაბილურობის დამცველის პოზიციებს ჩვენს რეგიონში და არამხოლოდ ჩვენს რეგიონში“.

„ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ გადაწყვეტილებების შინაარსი უნდა იყოს სწორედ ეს, ძალიან მკაფიო გზავნილი ყველასთვის, რომ ეს პროცესი გრძელდება და გრძელდება წარმატებით“, – დასძინა უსუფაშვილმა.