პრეზიდენტმა ნატოსთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 1 აგვისტოს 15:00 საათზე საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა დანიშნა ნატოს სექტემბრის სამიტისთვის მზადების საკითხების განხილვის მიზნით. უელსის სამიტს პრეზიდენტი მარგველაშვილი დაესწრება.
ეს უშიშროების საბჭოს პირველი სხდომა იქნება მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი მარგველაშვილი ნოემბერში თავისი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა.
ეროვნული უშიშროების საბჭო, რომელსაც პრეზიდენტი თავმჯდომარეობს, პრაქტიკულად ჩაანაცვლა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭომ, რომელიც გასული წლის ბოლოს ჩამოყალიბდა და რომელსაც პრემიერ–მინისტრი ხელმძღვანელობს.
ივნისში გამართულ შეხვედრაზე ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა გადაწყვიტეს, რომ ნატოს მომავალი სამიტის დღის წესრიგში საქართველოსთვის MAP–ის მინიჭების საკითხი არ შევა და სანაცვლოდ ისინი შეთანხმდნენ, რომ საქართველოს „არსებითი პაკეტი" შესთავაზონ, რომელიც ქვეყანას ალიანსთან შემდგომ დაახლოებაში დაეხმარება.