თედო ჯაფარიძე სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენის თაობაზე ამერიკელი სენატორების განცხადებას პასუხობს
ქართული ოცნების დეპუტატმა თედო ჯაფარიძემ, რომელიც პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეა, 30 ივლისს წერილობითი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ოთხი ამერიკელი სენატორის ერთობლივი განცხადების თაობაზე ხელისუფლების „პროტესტი“ გამოხატა.
ამერიკელმა სენატორებმა ჯონ მაკკეინმა, ბენ კარდინმა, ჯინ შაჰინმა და ჯიმ რიჩმა განაცხადეს, რომ ისინი „უკიდურესად იმედგაცრუებული და შეშფოთებული“ არიან ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალის წარდგენის გამო. მათი თქმით „მართლმსაჯულების აღსრულება არ უნდა გახდეს პოლიტიკური ანგარიშწორების იარაღი“ და რომ სააკაშვილის წინააღმდეგ პროკურატურის მიერ ბრალის წარდგენა „არასაჭირო გამოწვევებს წარმოშობს ჩვენი ურთიერთობის წინ წაწევის თვალსაზრისით“.
თედო ჯაფარიძე, რომელიც ოთხ სენატორს „საქართველოს დიდი ხნის მეგობრებს“ უწოდებს, რომელთა პირადი ღვაწლი აშშ–საქართველოს ურთიერთობაში „უაღრესად დიდია“, აცხადებს, რომ „აღნიშნული ერთობლივი განცხადებიდან გამომდინარე ორმხრივი უთანხმოება არასასურველი და სამწუხაროა“.
„მე ვითვალისწინებ სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს და გენერალური პროკურორის მიერ დასმული საკითხის არსის კომენტირებისგან თავს ვიკავებ“, – განაცხადა თედო ჯაფარიძემ. „ამდენად, მიმაჩნია, რომ ეს პრინციპი ჩვენმა მეგობარმა ამერიკელმა სენატორებმაც უნდა დაიცვან, გარდა იმ შემთხვევისა, როცა არსებობს საფუძველი ვარაუდისათვის, რომ საქმის განხილვის კანონიერი პროცედურები დაირღვა (რაც, სამწუხაროდ, წინა ხელისუფლების ცხრაწლიანი რეჟიმის დროს გავრცელებული პრაქტიკა იყო). ამ შემთხვევაში კანონის უზენაესობა გამოწვევების წინაშე დგება“.
„თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ აღნიშნულ ერთობლივ განცხადებას თან უნდა ახლდეს კონკრეტული მტკიცებულება“, – აცხადებს ქართული ოცნების დეპუტატი.
„როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, კანონის უზენაესობა იმას ნიშნავს, რომ კანონი ყველამ უნდა დაიცვას და სამართლებრივი სისტემა პოლიტიკური ანგარიშსწორების ინსტრუმენტად არ უნდა იქნეს გამოყენებული. აქედან გამომდინარე, თუ ვინმე საეჭვოს ხდის საქართველოში კანონის უზენაესობის დაცვას, მან უნდა დაასაბუთოს ის, რომ ცალკეული პირები კანონზე მაღლა დგანან ან რომ პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით სამართლებრივი პროცედურები დაირღვა“, – ნათქვამია თედო ჯაფარიძის განცხადებაში.
„ორივე შემთხვევა შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც სერიოზული ბრალდება მოკავშირე სახელმწიფოს წინააღმდეგ, განსაკუთრებით, როცა ეს ბრალდება სათავეს ვაშინგტონიდან იღებს. ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან აშშ მარტო ჩვენი მოკავშირე ქვეყანა არ არის − უკვე დიდი ხანია, იგი საქართველოს დამოუკიდებლობის, დემოკრატიზაციისა და ლიბერალიზაციის აქტიური დამცველია“, – განაცხადა მან. „დემოკრატიული კონსოლიდაცია მიღწეული ვერ იქნება სხვადასხვა კრიტერიუმის გაუთვალისწინებლად. კერძოდ, კონსოლიდაცია შესაბამის პროცესში ნდობის არსებობას მოითხოვს. ამასთანავე, ჩვენი ღრმა რწმენით, არავინ არ დგას კანონზე მაღლა და კანონის მიღმა. აღნიშნული ნდობის ფაქტორი, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს სასამართლო პროცესის მიმართ ნდობას, რაც კანონის წინაშე ყველას თანასწორობის რწმენით გამოიხატება. ეს ნდობა მოითხოვს, პირველ რიგში, ადამიანის უფლებების დარღვევის ყველა შემთხვევის სრულ და ჯეროვან გამოძიებას და წარსული, ახლანდელი და მომავალი ხელისუფლებების იმ წარმომადგენელთა საქმიანობის დროულ შესწავლას, რომლებმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ძალაუფლების კონტროლისა და დაბალანსების სისტემაში თავიანთ უფლებამოსილებას გადააჭარბეს“.
პროკურატურამ სააკაშვილს „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების“ გამო წაუყენა ბრალი 2007 წელს მისი პრეზიდენტობის დროს. საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას და ტელეკომპანია იმედში შეჭრას და მის „ხელში ჩაგდებას“. ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333–ე მუხლის მესამე ნაწილით იქნა წარდგენილი (მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, ძალადობით ან იარაღის გამოყენებით, დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.
თედო ჯაფარიძემ აღნიშნა თავის განცხადებაში, რომ ამ საქმეების გამოძიებით პროკურატურა „მხოლოდ იმ საქმეებით არის დაკავებული, რომლებიც წარსულში ფართოდ გავრცელებული დაუსჯელობის გამო უგულებელყოფილი იყო“ და „აღნიშნული პროცესი კანონის საფუძველზე მიმდინარეობს და საზოგადოების ნდობის აღდგენას ემსახურება“.
„მტკიცედ მწამს, რომ აღნიშნული ერთობლივი განცხადებიდან გამომდინარე ორმხრივი უთანხმოება არასასურველი და სამწუხაროა. ეს განცხადება აჩენს ეჭვებს დემოკრატიზაციისა და ინსტიტუტების მშენებლობის პროცესის მიმართ, რომელსაც ერთობლივი მუშაობის შედეგად მივაღწიეთ. ამას ძალიან განვიცდი. საქართველოს ხელისუფლება და მეც უზომოდ დიდ პატივს ვცემთ აღნიშნული განცხადების ხელმომწერებს. ჩვენ ერთად ვიმუშავეთ, რომ საქართველოში კანონის უზენაესობა დამკვიდრებულიყო როგორც ნორმატიული კუთხით, ისე პრაქტიკულად. გვჯერა, რომ ერთობლივი განცხადების ავტორები ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვენს სხვა მეგობრებთან ერთად მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ საქართველოში სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის დამკვიდრების თეორიიდან პრაქტიკაში გადასატანად“, – აცხადებს თედო ჯაფარიძე.