ღარიბაშვილი: რუსეთის მიერ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შეჩერება ‘ტრაგედია არ არის’

პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის გეგმა საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შეჩერების თაობაზე „ტრაგედია არ არის“.

„ჩვენ გვექნება ამის თაობაზე კონსულტაცია. მე გუშინ ვესაუბრე ჩემს სპეციალურ წარმომადგენელს, ზურაბ აბაშიძესთან. ჩვენ გვექნება საუბარი რუსეთის მხარესთან და მე მიმაჩნია, რომ შეთანხმებას მივაღწევთ. ყოველ შემთხვევაში, მე მინდა მოგიწოდოთ, რომ ეს არ არის რაღაც ტრაგედია, ეს არ არის რაღაც ძალიან დიდი ტრაგედია. ჩვენ გვექნება საუბარი და მოგვიანებით გავაკეთებთ კომენტარს ამის თაობაზე“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა. 

ღარიბაშვილმა ეს განცხადება ჟურნალისტებისთვის მას შემდეგ გააკეთა, რაც ვაზიანის სამხედრო ბაზაზე სამხედრო წვრთნებს დაესწრო, რომელშიც 17 T-72 ტიპის საბრძოლო ტანკი, 2 მოიერიშე თვითმფრინავები სუ–25 და საარტილერიო სისტემები იყო ჩართული.  

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განუცხადა ჟურნალისტებს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, რომ რუსეთის გადაწყვეტილება არის პასუხი საქართველოს მიერ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე.

„მე ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ. ჩვენ მსოფლიოს სავაჭრო წესებით ვიხელმძღვანელებთ – ორივე მხარე არის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი… ორიენტირებული უნდა ვიყოთ ძირითადად ახალ ბაზრებზე [ევროკავშირში]“, – განაცხადა ალასანიამ და დასძინა, რომ მას არ მიაჩნია, რომ საქართველოს დიდი ფინანსური ზიანი მიადგება მოსკოვის გადაწყვეტილების შედეგად.

სახელმწიფო მინისტრმა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის გადაწყვეტილების „დრამატიზების“  საჭიროება არ არსებობს.