საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის ბაქოში სტადიონზე ინციდენტის შემდეგ სატელეფონო საუბარი გაიმართა
საქართველოს და აზერბაიჯანის ფეხბურთის გულშემატკივრებს შორის ბაქოს სტადიონზე მომხდარმა დაპირისპირებამ უბიძგა ორი ქვეყნის პრეზიდენტებს, რომ 1 აგვისტოს სატელეფონო საუბარი გაემართათ, ხოლო საქართველოს პრემიერ–მინისტრს განცხადების გამოქვეყნება მოუხდა, სადაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი აზერბაიჯანთან „მეგობრობას და პარტნიორობას“.
ინციდენტი 31 ივლისს მოხდა უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველი მატჩის დროს საჩხერის საფეხბურთო კლუბ „ჩიხურასა“ და ბაქოს „ნეფთჩის“ შორის, რომელიც 0:0 დასრულდა.
დაპირისპირება გამოიწვია ქართველი გულშემატკივრების ერთი ნაწილის მიერ გამოფენილმა ბანერმა , რომელზეც საქართველოს რუკა იყო გამოსახული და რომელშიც ასევე შედიოდა აზერბაიჯანის ტერიტორიის ნაწილი, ზაქათალა და კახის რაიონები.
ჩხუბი მოხდა ასევე სტადიონის გარეთაც მატჩის დასრულების შემდეგ, მათ შორის პოლიციელებთანაც. რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ოპერატორები და ჟურნალისტები ტელეკომპანიებიდან „იმედი“, „მაესტრო“ და TV3 პოლიციაში წაიყვანეს. გადამღები ჯგუფის წევრებმა განაცხადეს, რომ ისინი მას შემდეგ გამოუშვეს, რაც ინციდენტის ადგილას გადაღებული ვიდეო წააშლევინეს.
აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 1 აგვისტოს, რომ სამართალდამცავი სტრუქტურების სწრაფი ქმედებების წყალობით, თავიდან იქნა აცილებული დაპირისპირების „მასობრივ არეულობებში“ გადაზრდა.
„შესაძლებელია, რომ ეს პროვოკაცია იმ ძალებმა განახორციელეს, რომლებიც დაინტერებული არიან აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობების გაუარესებაში“, – განაცხადა აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ და დასძინა, რომ ორი ქვეყნის სამართალდამცავი სტრუქტურები თანამშრომლობენ ინციდენტის გამოძიებაში.
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე დაგმო ინციდენტი და მას „პროვოკაცია“ უწოდა, რომლის მიზანიც, მისი თქმით, შესაძლოა ორი ქვეყნის კეთილმეზობლურ ურთიერთობაში ბზარის შეტანა იყოს. მან ასევე განაცხადა, რომ „მსგავსი ტიპის პროვოკაციის მომწყობი პირები არ უნდა დარჩნენ დაუსჯელნი“.
პარასკევს საღამოს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან ილჰამ ალიევთან, რომლის დროსაც პრეზიდენტები ბაქოს სტადიონზე მომხდარ ინციდენტსაც შეეხნენ.
„საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა საუბრისას აღნიშნეს, რომ მსგავსი ინციდენტები ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობაზე გავლენას ვერ მოახდენს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ.
ასევე 1 აგვისტოს, ახალი რეგულაციების მოტივით, აზერბაიჯანმა საქართველოსთან საზღვარზე ავტომანქანების გადაადგილება შეზღუდა და საქართველოდან იმ ავტომანქანებს არ აძლევდა აზერბაიჯანში შესვლის უფლებას, რომლებიც Euro-4 სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდნენ. ამან მაშინვე წარმოშვა სპეკულაციები საქართველოში, რომ ეს იყო პასუხი სტადიონზე მომხდარ ინციდენტზე. მაგრამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ახალი რეგულაციები აზერბაიჯანში 1 აგვისტოდან შევიდა ძალაში და ამას ინციდენტთან არაფერი აქვს საერთო. სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ აზერბაიჯანულ მხარესთან მიღწეულია შეთანხმება რეგულაციების ამოქმედების ორი კვირით გადადების თაობაზე, რათა მოსახლეობას ეცნობოს ახალი წესების დეტალების თაობაზე, ასევე იმის თაობაზე, თუ როგორ და რა შემთხვევაში იქნება გამოყენებული ეს ახალი წესები.
„ჩიხურა“ „ნეფთჩის“ განმეორებითი მატჩი თბილისში 7 აგვისტოს გაიმართება.